„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ს კვლევის მიხედვით, სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების მთავარ ფაქტორებად მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფების მიერ მართლმსაჯულებაზე არასათანადო გავლენა და სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემებია დასახელებული.
„სასამართლო სისტემაში კორუფციული რისკების შესახებ“ კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მ დღეს გამოაქვეყნა. კვლევის ავტორების განმარტებით, ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად მომზადდა და მასში წარმოდგენილი მიგნებები 2018 წლის აპრილისთვის არსებულ მდგომარეობას ასახავს. კვლევის მიზანი საერთო სასამართლოების სისტემაში შესაძლო კორუფციული რისკების შეფასება და ანალიზია.
კვლევაში წარმოდგენილი მიგნებები არსებული კანონმდებლობის ანალიზს, რამდენიმე გახმაურებული საქმის შესწავლას, სამართლის სფეროს სპეციალისტებთან ჩაღრმავებულ ინტერვიუებს და საზოგადოებრივი აზრის მონაცემების ანალიზს ეფუძნება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის შედეგად დადგინდა, რომ:
- არსებული კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესებს და მათ კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურება;
- მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის ხარვეზიანი წესი ინტერესთა კონფლიქტის რისკებს ზრდის. პრობლემურია გავლენიანი მოსამართლეების მიერ განსხვავებული აზრის დევნაც;
- სასამართლოსადმი უნდობლობას ისიც აძლიერებს, რომ წლების განმავლობაში სასამართლოებისა და კოლეგია/პალატების თავმჯდომარეების პოზიციები მოსამართლეთა ერთსა და იგავე მცირე ჯგუფს უკავია;
- სასამართლოში არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანი სისტემა. რეაგირების გარეშე რჩება, როგორც დანაშაულის შესაძლო შემთხვევები, ასევე შესაძლო დისციპლინური გადაცდომები;
- პროფესიულ წრეებში არსებობს მკაფიო მოსაზრებები, რომ სასამართლოში კორუფციული გარიგებები ხორციელდება. საქართველოში სასამართლო სისტემის პრობლემურ მდგომარეობაზე საუბრობენ ბიზნეს-ასოციაციებიც, მათ შორის მნიშვნელოვანი ინვესტორები;
- სასამართლოს მიერ პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების განხილვამ საზოგადოების ნდობა ვერ დაიმსახურა („რუსთავი 2-ის საქმე“, ე.წ. „კაბელების საქმე“).
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, სასამართლოში არსებული სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოში კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ყველა მიმდინარე გამოძება დროულად დასრულდეს. ამასთან, უნდა შემცირდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამეტებული უფლებამოსილება, სასამართლოების თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვათ საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაზე მანიპულირების შესაძლებლობები და მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების მექანიზმები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.
This post is also available in: Русский (რუსული)