სირიის ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა აბდურახმან მუსტაფამ ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება დაგმო.
მუსტაფამ, რომელიც კოალიციაში სირიის თურქმანულ საბჭოს წარმოადგენს, 5 ივლისს თურქეთში საქართველოს ელჩთან ირაკლი კოპლატაძესთან შეხვედრაზე გააკეთა მას შემდეგ განცხადება, რაც ერთი კვირით ადრე, თბილისმა სირიის ოპოზიციისგან პირველი მხარდაჭერა მიიღო.
სირიის ეროვნული კოალიციის ინფორმაციით, აბდურახმან მუსტაფამ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება დაგმო და მას „საერთაშორისო სამართლის დარღვევა“ უწოდა. მან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
მუსტაფამ ასევე აღნიშნა, რომ ასადის რეჟიმი „არალეგიტიმურია“ და რომ „ის გადაწყვეტილებებს რუსეთიდან მიღებული ბრძანებებით იღებს, ვინაიდან ის რუსეთის ადმინისტრაციის ხელში პაიკი გახდა“.
სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა მაისში აღიარა და ამით ის გაეროს წევრი მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელსაც ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული.
საპასუხოდ, თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ნატომ, აშშ-მა და ევროკავშირმა სირიის მიერ ორი ოკუპირებული რეგიონის აღიარება დაგმეს.
სირიის ოპოზიციური ჯგუფების კიდევ ერთი პოლიტიკური პლატფორმის, სირიის უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის პრეზიდენტმა, ნასრ ალ-ჰარირიმ 29 ივნისს ასევე დაგმო ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ სირიის ოპოზიცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)