შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში ამერიკელი წყვილის და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. 19 წლის ეჭვმიტანილს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით მწყემსია, უვადო პატიმრობა ემუქრება.
რაიან, ლორა და ქალებ სმიტების ოჯახი, რომელიც ხადას ხეობის სოფელ წკერეს მახლობლად იყო დაბანაკებული, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც წკერეს მახლობლად მდებარე ჩანჩქერისკენ გაემართა.
შსს-ის ინფორმაციით, ლორა და რაიან სმიტების გვამები, პარასკევს და შაბათს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნა რომ „პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება“.
თუმცა, სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ურთიერთშელაპარაკებისას“ ეჭვმიტანილმა მამა და შვილი სანადირო თოფით დახოცა. ქალი კი, ამავე ინფორმაციით, „შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას, ხევში გადავარდა და გარდაიცვალა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბავშვის გვამი შემთხვევის ადგილთან ახლოს, „ზვავში“ დამარხული იპოვეს.
„თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემებისმიღების შემდეგ, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა მალზახ კობაურმა, მკვლელობის ფაქტი აღიარა. დამატებით ინფორმაციას ინციდენტის თაობაზე სამინისტრო არ ასაჯაროებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ფსიქიკურ მდგომარეობას ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს.
სმიტების ოჯახს საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობდა. რაიან სმიტი სოციალური საწარმოს reWoven-ის დირექტორი იყო. საწარმო მარნეულში მდებარეობს და მისი მიზანი ხალიჩების ქსოვის ტრადიციის აღდგენაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)