Site icon Civil.ge

სტოლტენბერგი: ნატოს კარი ღია რჩება საქართველოსთვის

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენცია, 10 ივლისი, 2018, ფოტო: nato.int

11-12 ივლისის ნატოს ბრიუსელის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის „ნატოს კარი ღია რჩება“.

10 ივლისს პრესკონფერენციაზე საუბრისას სტოლტენბერგი რეფორმების განხორციელებისა და თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების „ზუსტ დროს“ ვერ დაასახელებს.

„ის ფაქტი, რომ მონტენეგრო გაწევრიანდა და რომ ხვალ, ალბათ, გადავწყვეტთ, რომ ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკას მაკედონიას გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება შევთავაზოთ, იმის მანიშნებელია, რომ ნატოს კარი ღიაა და რომ ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

გამოსვლაში სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ხუთშაბათს ნატოს ლიდერები საქართველოს და უკრაინის, „ჩვენი ორი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის“ პრეზიდენტებს შეხვდებიან და რეგიონულ გამოწვევებს, ასევე თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და მათ მიმართ ნატოს მხარდაჭერას განიხილავენ.

აშშ-ის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ნატოში კეი ბეილი ჰათჩისონმა 10 ივლისს განაცხადა , რომ აშშ „დიდად აფასებს“ საქართველოს პარტნიორობას ნატოსთან და რომ ქვეყანა „ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული, განსაკუთრებული კატეგორიის პარტნიორია“.

„ვიმედოვნებთ, რომ ოდესმე, როდესაც წინ წავიწევთ, გვინდა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს, თუ ისინი ამას მოისურვებენ“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ნატოს სამიტზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, ბრიუსელში ანკარადან გაემგზავრა, სადაც ის თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.

მარგველაშვილის და სტოლტენბერგის შეხვედრა 12 ივლისს გაიმართება, რასაც ერთობლივი განცხადება და საქართველოსთან და უკრაინასთან სახელმწიფოს მეთაურების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა მოყვება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილი ორმხრივ მოლაპარაკებებსაც გამართავს, რა დროსაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)