საპროკურორო საბჭომ 12 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მთავარი პროკურორობის კანდიდატად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე შეარჩია. კანდიდატურა თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება, შემდეგ კი, პარლამენტს წარედგინება.
მთავარი პროკურორობის კანდიდატების მოსმენას, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, საპროკურორო საბჭოს 15 წევრიანი შემადგენლობიდან, მხოლოდ 13 ესწრებოდა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ. საპროკურორო საბჭოს კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია კი, დღევანდელ სხდომას არ დაესწრო.
საპროკურორო საბჭოს 12-მა წევრმა არჩევანი პროკურორობის ორ კანდიდატს – ნინო გოგნიაშვილსა და შალვა თადუმაძეს შორის გააკეთა. საბჭომ გადაწყვეტილება პროკურორობის კანდიდატებთან პირისპირ გასაუბრების შემდეგ, ფარული კენჭისყრით მიიღო. იუსტიციის მინისტრს დაპირებისამებრ, კანდიდატებთან გასაუბრებისა და ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
მთავარი პროკურორობის მესამე კანდიდატმა, თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა დღეს, სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხსნა. მისი განმარტებით, რადგან საბჭომ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში „მცირედი დოზის დემოკრატიულობის შეძენაზეც კი უარი თქვა“ და გასაუბრების პროცესი მედიისთვის არ გახსნა, „ჩემი მონაწილეობა იქნებოდა მხოლოდ გაკეთილშობილების და დემოკრატიულობის ანტურაჟის შექმნა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“.
პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმაც და ხაზი პროცესის გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას გაუსვა.
თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის კენჭისყრაში მისი მონაწილეობის არმიღების შესახებ გადაწყვეტილებაც განმარტა. „მე დღეს კენჭისყრაში არ მივიღე მონაწილეობა იმისთვის, რომ ჩემი კენჭისყრაში მონაწილეობით რაიმე ტიპის თუნდაც პატარა ჩრდილი არ მისდგომოდა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების თავისუფალ არჩევანს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მთავარი პროკურორის შესარჩევად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო კონსულტაციები მიმდინარე წლის 4 ივნისს დაიწყო და პროცესი ერთ თვეში დასრულდა. იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი 18 კაციანი სიიდან შეარჩია და განსახილველად საპროკურორო საბჭოს 6 ივლისს გადაუგზავნა.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს არასამთავრობო სექტორმა უნდობლობა გამოუცხადა. ისინი პროცესის შეჩერებას და იმ 15 წევრიანი საპროკურორო საბჭოს რეფორმირებას ითხოვენ, რომელიც მთავარ პროკურორს ირჩევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)