ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 11 ივლისს ბერლინში გამართულ ყოველწლიურ სესიაზე დასკვნითი დეკლარაცია მიიღო, რომელიც სხვადასხვა საკითხებზე რიგ, შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციებს მოიცავს, მათ შორის, პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების, ასევე საქართველოს კონფლიქტის საკითხებზე.
რეზოლუცია სახელწოდებით „ათი წელი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ“, რომლის ავტორიც სოფიო ქაცარავაა, მოუწოდებს რუსეთს, რომ „საქართველოს ტერიტორიიდან თავისი სამხედრო შენაერთები გაიყვანოს და გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.“
რეზოლუციაში ასამბლეა ხაზს უსმავს რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებლი ძალის პასუხისმგებლობას, რომ „დაიცვას ორ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი თავისუფლებები და ადამიანის უფლებები“ და მოუწოდებს მოსკოვს, რომ დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება უზრუნველყოს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში.
რეზოლუცია გმობს საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებს და მოუწოდებს რუსეთს, რომ ხელი არ შეუშალოს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ დეტალურ გამოძიებას, ასევე უზრუნველყოს დამნაშავეთა გასამართლება.
რეზოლუცია ასევე მიესალება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე „რეალური შედეგების“ მიღწევას, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების ადგილზე შესვლის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
რუსეთის დელეგაციამ 7 ივლისს რეზოლუციის წარდგენისას პროტესტი გამოთქვა.
საქართველო მეორე რეზოლუციაშიც არის ნახსენები. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუცია, რომლის ავტორიც ბულგარელი დეპუტატი კრისტიან ვიგენინია, კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას „საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით“.
რეზოლუცია ხაზს უსმავს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ძალების გაყვანას და ადგილზე ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზსაპარმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
გიგი წერეთელმა, რომელიც 2018-2019 წლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს, საქართველოს შესახებ 8 ივლისს ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში კონფლიქტებისა და ოკუპაციის შედეგად 300 000 ადამიანი დევნილად იქცა. „წელს აგვისტოში 10 წელი სრულდება საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ და სამწუხაროდ პრობლემა კვლავ ადგილზეა: კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის მოუგვარებელი რჩება“, – განაცხადა წერეთელმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)