Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი, ბრიუსელი, 12 ივლისი, 2018. ფოტო: nato.int

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 12 ივლისს ბრიუსელში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა და ალიანსს და საქართველოს შორის არსებული „ახლო პარტნიორობის“ საკითხი განიხილა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს და საქართველოს შორის თანამშრომლობა „უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“ და რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი „ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედი პარტნიორი და სანდო მეგობარია“.

„საქართველო გახდება ნატოს წევრი. მოკავშირეებმა ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ჩვენ განვაგრძობთ თქვენთან მუშაობას წევრობისთვის მოსამზადებლად“, – მიმართა სტოლტენბერგმა მარგველაშვილს.

იგი ასევე მიესალმა საქართველოს წვლილს ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ქვეყნის მზადყოფნას, რომ ნატოს სახელმძღვანელო პრინციპი გაითვალისწინოს, რომელიც თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ის დახარჯვას ითვალისწინებს.

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც „მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალურ მდივანს „საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაში ჩადებული ძალისხმევისთვის“.

„ჩემი პოზიცია, რომელსაც ბევრი ჩვენი მეგობარი და მოკავშირე იზიარებს არის ის, რომ ქართველი ხალხი, მათი შესაძლებლობების, თავდადებისა და საერთო ტვირთის გაზიარების გათვალისწინებით, ვიმსახურებთ ალიანსთან სწრაფ დაახლოებას“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ჩართულობა, „რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაღრმავებთ ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგს“, „მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მომტანი იქნება რეგიონისთვის“.

პრეზიდენტი მარგველაშვილი 11-12 ივლისის ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ხელძღვანელობს. დღეს იგი ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებს შეხვდება, რასაც ნატო-საქართველოს დეკლარაციის მიღება მოყვება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)