Site icon Civil.ge

პრემიერმა მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა

მამუკა ბახტაძემ მინისტრთა ახალი კანდიდატები წარადგინა, 12 ივლისი, 2018, ფოტო: gov.ge

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ ფინანსთა, ეკონომიკისა და განათლების მინისტრებს შეეხო, ყველა სხვა უწყებაში პოსტებს მოქმედი მინისტრები შეინარჩუნებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი და დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში, რომელიც იქნება ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი მოქნილი და თანამედროვე მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული“, – განაცხადა პრემიერმა.

მინისტრობის კანდიდატების პრიორიტეტები

მედიასთან საკუთარი გეგმების შესახებ მინისტრობის კანდიდატებმაც ისაუბრეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლისა და რაიონის განვითარებას, რისთვისაც აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში „სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა“ იგეგმება. „ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის“, – დასძინა მანვე.

მისივე თქმით, „დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას“, ასევე გადაწყვეტილებების „აღსრულების დისციპლინის გამყარებას“.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ყურადღება სექტორის გაციფრულებაზე გაამახვილა. მისი განმარტებით, მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა, „ხარჯების შემცირებასთან ერთად, პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს“, რაც „გაციფრულების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“.

განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა კი, მის მთავარ პრიორიტეტად განათლების ხუთივე საფეხურის (სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი და სამეცნიერო) ძირეული რეფორმა დაასახელა. „რეფორმები დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება სწრაფ, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, – განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა.

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას 14 ივლისს, რიგგარეშე საპარლამენტო სესიაზე გამოუცხადებს.

სტრუქტურული ცვლილებები

მინისტრთა კაბინეტის მოქმედმა შემადგენლობამ პარლამენტის ნდობა 20 ივნისს მოიპოვა, თუმცა მთავრობის შემადგენლობა დროებითი იყო. პრემიერ-მინისტრს განახლებული მინისტრთა კაბინეტი შესაბამისი სტრუქტურული და საკანომდებლო ცვლილებების შემდეგ უნდა დაესახელებინა.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 5 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე 81 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საქართველოს 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ექნება.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების სახელწოდებები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

მამუკა ბახტაძე, რომელსაც 2017 წლის ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, მთავრობის მეთაურად მას შემდეგ დასახელდა, რაც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად მმართველ პარტიასთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)