Site icon Civil.ge

ტყიბულის მაღაროში ოთხი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, ოთხი მაღაროელი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა .

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაღაროს ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ის დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, „შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა“.

მანამდე, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ოცდახუთივე შახტი დაიხურება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად, გარდაიცვალა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან მაღაროებში გარდაცვლილია 11, ხოლო მძიმედ დაშავებულია 10 ადამიანი.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომელიც ტყიბულის მაღაროში 2018 წელს მოხდა. 5 აპრილის ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში ექვსი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სამთო დარტყმის შედეგად მოხდა.

კომპანია „საქნახშირი“, რომელიც ტყიბულის მაღაროს მართავს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)