იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, რომელიც 16-17 ივლისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, გუშინ მის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, რა დროსაც, იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას მიესალმა.
იტალიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და მიესალმა მის როლს ნატოს ავღანეთის მისიაში. იგი ასევე მიესალმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებას და უვიზო მიმოსვლას.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მატარელას ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ „წელს იტალია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ეუთოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და დევნილთა საკითხის შენარჩუნება საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობისაა“.
იტალიის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მატარელას ახლდნენ, ქართველ კოლეგებთან ერთად, რამდენიმე შეთანხმებას და რიგ სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერეს ხელი, დაწყებული პოლიციითა და ტექნოლოგიებით, დამთავრებული განათლებით და კულტურით.
17 ივლისს მატარელა საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველო იტალიისა და ევროკავშირის სანდო ეკონომიკურ პარტნიორი და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო დერეფანია.
სერჯო მატარელა იტალიის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)