Site icon Civil.ge

სააპელაციო სასამართლომ გირგვილიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის მთავარი პროკურატურა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. პროკურატურის ინფორმაციით, ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში მოხდა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, ზედამხედველობას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი უწევდა.

პროკურატურის განცხადებაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ამონარიდიც არის მოტანილი, სადაც სასამართლო უარყოფითად აფასებს სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების მხრიდან გამოძიების საწყის ეტაპზე დაშვებულ დარღვევებს, ასევე მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებას, არასრულფასოვან სასამართლო განხილვებს, მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მსჯავრდებულებისადმი „გაუმართლებელი ლმობიერების“ გამოვლენას.

პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ინფორმირებული იყო, გირგვლიანის გატაცების საქმესთან მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო შემხებლობის შესახებ. მას ასევე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ „დანაშაულის გარემოებების სრულად გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე“, ამასთან გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და დადგებოდა საქმეში მონაწილე ყველა პირის, მათ შორის, მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი.

„საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით, უშუალო ჩართულობითა და მასთან წინასწარი შეთანხმებით, დაიგეგმა და განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა საფუძველზე სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებს საშუალება მიეცათ მიკერძოებულად, არაობიექტურად და არასრულყოფილად გამოეკვლიათ გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გარემოებები, დაეფარათ დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მასში მონაწილე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყებისავე ინფორმაციით, აღნიშნულმა უზრუნველყო „საქმის ფალსიფიკაცია, არაადეკვატური სასჯელის დადგენა და განაჩენის არაჯეროვანი აღსრულება“.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილება, „წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად“, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულ სახელმწიფო მოხელეებს: გ.ალანიას, ა.ღაჭავას, მ.ბიბილურიძისა და ა.აფციაურს. რამაც მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლება გახადა შესაძლებელი.

„მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა, განაპირობა ის რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 2018 წლის 5 იანვარს ცნო და მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, სასჯელის საბოლოო ნორმად სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.

მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ კიდევ ერთ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე წლის 28 ივნისს ცნო და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მასვე საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ორი წლითა და სამი თვის ვადით შეეზღუდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)