Site icon Civil.ge

რუსეთის მთავარი სანიტარული სამსახური საქართველოს ღვინის ხარისხის შესახებ აფრთხილებს

რუსეთის მთავარი სანიტარული სამსახურის „როსპოტრებნადზორის“ 19 ივლისის განაცხადებით, 2018 წლის პირველ ნახევარში, 16 ათასი ლიტრი ქართული ღვინო რუსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ამის მიზეზად უსაფრთხოებისა და ხარისხის მოთხოვნების დარღვევაა დასახელებული.

„მოწოდებული პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების ანალიზი ადასტურებს წარმოების ტექნოლოგიის დარღვევას და წარმოებულ პროდუქციაზე არასაკმარის კონტროლს, როგორც მწარმოებლის, ისე უფლებამოსილი სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან“, – ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში.

საპასუხოდ, საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 20 ივლისს განაცხადა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან, „სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო“, ხოლო ის პროდუქცია, რომელიც მოთხოვნებს არ შეესაბამება, ამოღებულია ექსპორტიდან.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ „მზად არის გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა, როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეული მილიონობით წარმოებული ბოთლიდან, აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. „მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 24% შეადგინა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

2006 წელს „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის იმპორტი იმ მოტივით აკრძალა, რომ ამ პროდუქციაში დარღვეული იყო სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესები და ნორმები. რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის 2013 წელს გაიხსნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)