Site icon Civil.ge

საქართველოს საგარეო უწყება გმობს სირიის შეთანხმებას ცხინვალთან

დმიტრი მედოევი და ვალიდ ალ-მუალემი ხელს აწერენ შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, 22 ივლისი, 2018. ფოტო: mfa-rso.su

23 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამიისტროს პრესსამსახურმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას „არანაირი სამართლებრივი ძალა“ არ აქვს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებას წინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის ვიზიტი დამასკოში უძღოდა, სადაც ის 22 ივლისს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვალიდ ალ-მუალემს შეხვდა და „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების“ შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

„ასადის რეჟიმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გამოცხადებულია არალეგიტიმურად. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო ე.წ. აღიარება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება სირიიის ოპოზიციურმა ძალებმაც დაგმეს.

ცხინვალის ხელისუფლების ინფორმაციით, სირიაში დიმიტრი მედოევის ვიზიტის მიზანი რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მომავალი ვიზიტის მომზადება იყო. დამასკოში გამგზავრებას ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბაც აპირებს.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა მაისში აღიარა და ამით ის გაეროს წევრი მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელსაც ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული.

საპასუხოდ, თბილისმა დამასკოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის, ნატომ, აშშ-მა და ევროკავშირმა სირიის მიერ ორი ოკუპირებული რეგიონის აღიარება დაგმეს.

ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება სირიის ოპოზიციურმა პლატფორმებმა – ეროვნულმა კოალიციამ და უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტმაც დაგმეს  და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)