საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სადაც ის 24-26 ივლისს რელიგიის თავისუფლების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჯონ სალივანს შეხვდა.
მხარეებმა რიგი ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები განიხილეს, რა დროსაც ქართულმა მხარემ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობაზე ისაუბრა. „აღინიშნა, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა შეესაბამებოდეს იმ პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში არსებულ ურთიერთობებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰეზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ ჯონ სალივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 12 ივლისის ნატოს ბრიუსელის სამიტზე და ასევე საქართველოში მიმდინარე სასამართლო და ეკონომიკურ რეფორმებზე.
დღესვე, დავით ზალკალიანი მთავრობის როლის შესახებ კონგრესში დაგეგმილ პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდა .
საქართველო აშშ-რუსეთის დღის წესრიგში
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ასევე შეხვდა სენატორ ბობ კორკერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხი განიხილა.
25 ივლისს გამართულ მოსმენაზე, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარადგინა, სენატორმა კორკერმა თავის შესავალ სიტყვაში საქართველოს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ფუნდამენტური საერთაშორისო ნორმების სხვა დარღვევებთან ერთად, „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც მოახდინა“.
მოსმენამდე ცხრა დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 16 ივლისს ჰელსინკიში თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. პომპეომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი „კარგადაა ინფორმირებული იმ გამოწვევების შესახებ, რასაც რუსეთი უქმნის“ აშშ-ს, მის პარტნიორებს და მოკავშირეებს და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ თავდაცვითი შეიარაღება უკრაინისთვის და საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)