Site icon Civil.ge

ჩუგოშვილი: სააკაშვილის განცხადება შანტაჟთან დაკავშირებით უცხოელი დიპლომატების „შეურაცხყოფაა“

მედიასთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, იმის თაობაზე, რომ თბილისში აკრედიტებულმა უცხოელმა ელჩებმა ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დააშანტაჟეს, რათა მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი არ ეყარა და სანაცვლოდ დამოუკიდებელი კანდიდატი დაესახელებინა, „თითოეული უცხოელი დიპლომატის შეურაცხყოფაა“.

ჩუგოშვილის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ „შეიძლება დასავლეთის ზეწოლით, მან შემოაგდოს ვიღაც კანდიდატი, ან ერთი ან ორი, რომელიც ვითომ მისი არაა, მაგრამ სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მისი იქნება“.

„ამას წინათ, რომ იყვნენ მასთან ელჩები, დასავლეთის ქვეყნების, მათ უთხრეს, რომ თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი, პრაქტიკულად დააშანტაჟეს და დაემუქრნენ“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელსაც, სავარაუდოდ, მხედველობაში ივანიშვილის უცხოელ ელჩებთან 22 ივნისის შეხვედრა ჰქონდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოულოდნელი გადადგომიდან, მალევე გაიმართა.

თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც შეხვედრის ორგანიზატორი იყო, ექს-პრეზიდენტი გააკრიტიკა და მის განცხადებას „არასერიოზული“ უწოდა. „სინამდვილეში, რეალურად რაც მოხდა შეხვედრაზე, იყო ის, რომ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სრული აღფრთოვანებით შეხვდნენ ელჩები, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. მათ ეს მიიჩნიეს როგორც ძალიან სწორი და სახელმწიფოებრივი პოზიცია“, – განაცხადა მან.

ბიძინა ივანიშვილმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ 24 ივლისს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობას განიხილავს, რომ „თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, არც არავის არ დავუჭიროთ მხარი და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)