Site icon Civil.ge

სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“, პატიმრების წამებისა და გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის ფაქტთან დაკავშირებით, ყოფილი მაღალჩინოსნების ბაჩო ახალაიას, მეგის და ლევან ქარდავების, ასევე გიორგი მაზმიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ბაჩო ახალაია, რომელსაც ბრალი ციხეში პატიმართა წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება. 2014 წლის 22 ოქტომბერს მას საქალაქო სასამართლომ, სასჯელის სახედ მას 7 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა.

სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურად სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ასევე დამნაშავედ ცნო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა და სასჯელის სახით, 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას განაჩენიც, რომელიც პატიმართა წამების ეპიზოდშია ბრალდებული. მას სასჯელის სახედ, 7 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებულ ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციას“, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დათა ახალაიას და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გიორგი დგებუაძის თანამონაწილეობით, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილის მიერ „მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები“.

„აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და მისი შენიღბვის მიზნით მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას ინიციატივითა და ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას უშუალო მონაწილეობით, მოხდა პატიმრების წამება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე დათა ახალიას, რომელმაც საქართველო 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა, ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. დათა ახალაია საბერძნეთში 2014 წლის გაზაფხულზე დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დღემდე პატიმრობაში რჩებიან და სხვადასხვა საქმეზე სასჯელს იხდიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და კუდის მაღალჩინოსნები ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე და გიორგი მაზმიშვილი.

This post is also available in: Русский (რუსული)