ზემო-სვანეთის რეგიონის სოფლების, ხაიშისა და ჭუბერის რამდენიმე ასეულმა მკვიდრმა გუშინ მესტიასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადაკეტა და ხე-ტყის უკანონო ჭრის საქმეზე სვანეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა გააპროტესტა.
მოსახლეობა სოფელ ხაიშში 26 ივლისს დილით ადრე შეიკრიბა, რასაც მათი თქმით, წინ ხელისუფლების მიერ ორ სოფელში მოქმედ ხის სახერხ საამქროებში შესვლა უძღოდა. ინციდენტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოფელში დამატებითი საპოლიციო ძალა შევიდა, რომლებმაც მომიტინგეების წინ კორდონი შექმნეს.
ხის ჯოხებით შეიარაღებულმა ადგილობრივებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, თუმცა ინციდენტი მალევე განიმუხტა. მოგვიანებით, უთანხმოება ისევ გაგრძელდა, რა დროსაც მომიტინგეებმა სოფლიდან პოლიციელების გაყვანა მოითხოვეს. ადგილობრივების თქმით, მათი არსებობა ხის სახერხ საამქეროებზეა დამოკიდებული და ხელისუფლებას მათთვის ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზება მოსთხოვეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ანალოგიური ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა და მათი მიზანი კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა იყო.
უწყებისავე ინფორმაციით, „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება“. მოგვიანებით, საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნა, რომ ადგილობრივებმა ინსპექტორების მანქანა დააზიანეს.
მომიტინგეებმა გზა 26 ივლისს მოგვიანებით მას შემდეგ გახსნეს, რაც რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალდანიშნულ მრჩეველთან, სოზარ სუბართან მოლაპარაკებები გამართეს. ეს უკანასკნელი რეგიონში ინციდენტიდან ცოტა ხანში მიავლინეს.
საგამოძიებო სამსახურმა Civil.ge-ს დღეს განუცხადა, რომ ამჟამად საგამოძიებო სამსახურის მუშაობა შეჩერებულია. ხის სახერხი საწარმოების მუშაობის დროებით შეწყვეტის შესახებ მედია საშუალებებიც იტყობინებოდნენ.
სვანეთში საგამოძიებო სამსახურის შესვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, სოფელ ჭუბერში წყალდიდობა მოხდა. პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ მაშინ ხაზი გაუსვა, რომ წყალდიდობა შესაძლოა „არასისტემურ ჭრას“ გამოეწვია და პირობა დადო, რომ ყველა მონაწილე პირი დაისჯებოდა.
ანალოგიური გზავნილები ბახტაძემ გუშინ დილით, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრეც გაიმეორა და განაცხადა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის მიმართ ხელისუფლება „შეურიგებელი“ იქნება. „ჩვენ ძალიან პრინციპულები ვიქნებით ამ უკანონობასთან ბრძოლაში და მინდა, მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ეს პირი, თუ იქნება ვინმე, ვინც ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა ეს ადამიანი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)