აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საკითხთა ფართო სპექტრის, მათ შორის, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების, ეროვნული საკითხების და საგარეო პოლიტიკის მიმართ რესპონდენტების განწყობებს აჩვენებს.
კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა UK Aid – ის დაფინანსებით 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა და მის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე, 2 409 რესპონდენტი გამოკითხა. NDI – ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ცდომილების ზღვარი +/-1.9%-ია.
საპრეზიდენტო არჩევნები, პარტიების მხარდაჭერა
კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემდით ხმას, 74 % (NDI – ის კვლევების ისტორიაში მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა) აღნიშნავს, რომ არ იცის, ხმას ვის მისცემს.
„იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების თარიღი და ყველა კანდიდატის ვინაობა ჯერ უცნობია, კონკრეტული ადამიანების არჩევნებში მონაწილეობამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არჩევნების ბედზე“, – განაცხადა NDI – მ 1 აგვისტოს კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში.
რესპონდენტების 59%-მა განაცხადა, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ისინი მონაწილეობას მიიღებდნენ.
კითხვაზე თუ ვის მისცემდნენ ხმას, სავარაუდო ამომრჩევლების 14 %-მა ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი დაასახელა, 12 % – მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, 7 % – მა დავით ბაქრაძე ევროპული საქართველოდან, 6 % – მა მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 5 % – მა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, 7 % – მა კი, სხვა პარტიების კანდიდატები. რესპონდენტების 11 % – მა განაცხადა, რომ ხმას არცერთ კანდიდატს მისცემს , ხოლო 30 % – მა აღნიშნა, რომ არ იცის.
იმავე კითხვაზე, სადაც კანდიდატებს შორის მარგველაშვილი აღარ იყო ჩამოთვლილი, სავარაუდო ამომრჩეველთა 20 % – მა მმართველი პარტიის კანდიდატი დაასახელა, 8 % – მა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, 7 % – მა დავით ბაქრაძე, 5% – მა შალვა ნათელაშვილი, 8% – მა კი, სხვა კანდიდატები. რესპონდენტების 14 % – მა განაცხადა, რომ მხარს არცერთ კანდიდატს დაუჭერს, 30 % – მა არ იცის, ხოლო 8 % – მა პასუხზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება მეორე ტურის შესაძლო სცენარს, ქართული ოცნების კანდიდატს ხმას დაახლოებით 32 % მისცემდა. მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს 20 % მისცემდა, დავით ბაქრაძეს – 20 %, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს – 11 % და შალვა ნათელაშვილს 18 %. მეორე ტურში მარგველაშვილისა და ქართული ოცნების კანდიდატის დაპირისპირების შემთხვევაში, ამომრჩევლების 26 % მხარს ქართული ოცნების კანდიდატს, 21 % კი, მოქმედ პრეზიდენტს დაუჭერდა.
კვლევის შედეგებით, რესპონდენტების 18 % – მა განაცხადა, რომ ქართული ოცნება მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფი პარტიაა (26 % 2018 წლის მარტში). 10 % ასეთ პარტიად ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს (9 % 2018 წლის მარტში). კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 20 % – მა მმართველი პარტია დაასახელა, 11 % – მა ნაციონალური მოძრაობა, 4 % – მა ევროპული საქართველო, 3 % – მა ლეიბორისტული პარტია, 7 % – მა კი, სხვა პარტიები. რესპონდენტების 15 % – მა განაცხადა, რომ მხარს არცერთ პარტიას დაუჭერდნენ, 30 % – მა განაცხადა, რომ არ იცის, ხოლო 10 %- მა პასუხზე უარი განაცხადა.
საგარეო პოლიტიკა
იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მთავრობის გაცხადებულ მიზანს მხარს უჭერენ, 2018 წლის მარტთან შედარებით, 75 % – დან 81 % – მდე გაიზარდა. გამოკითხულთა 12 % ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია (მარტში ეს მაჩვენებელი 15 % იყო). ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა კვლავ მაღალია ქვეყნის მასშტაბით (ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია – 86%), ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონების გამოკლებით და ეს მაჩვენებელი 62 % – ს შეადგენს.
რესპონდენტების 75 % – მა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებაზე მთავრობის გაცხადებულ მიზანს მხარს უჭერენ, რაც 2018 წლის მარტთან შედარებით, 10 % – ული პუნქტით არის გაზრდილი. 17 % ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია (მარტში აეს მაჩვენებელი 20 % იყო). ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა 2018 წლის მარტთან შედარებით, 26 % – დან 49 % – მდე გაიზარდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონების რესპონდენტებს შორისაც.
ქვეყნის მიმართულება, ეროვნული საკითხები
კვლევის თანახმად, იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო „არასწორი მიმართულებით ვითარდება“ 40 % – ია, რაც 2018 წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით ერთი პროცენტული პუნქტით ნაკლებია. რესპონდენტების 18 % მიიჩნევს, რომ საქართველო „სწორი მიმართულებით“ ვითარდება, რაც 2018 წლის მარტის მონაცემთან, შედარებით 11 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. გამოკითხულთა 36 % მიიჩნევს, რომ საქართველო „საერთოდ არ იცვლება“ (29 % 2018 წლის მარტში).
კვლევის შედეგები ასევე აჩვენებს, რომ ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობა სიტყვის თავისუფლების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, და ქალებისა და უმცირესობების უფლებების კუთხით გაუმჯობესებას ხედავს. თუმცა, შემდეგ საკითხებთან მიმართებით მოქალაქეები გაუარესებაზე მიუთითებენ: კორუფცია, სასამართლო სისტემა, სამუშაო ადგილები, კრიმინალი, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და ფასების ზრდა.
კვლევის თანახმად, წამყვან ეროვნულ საკითხებად კვლავ ეკონომიკური თემები რჩება: სამუშაო ადგილები (51 %), სიღარიბე (32 %) და ფასების ზრდა (28 %). რესპონდენტების 57 % – მა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუატია შეაფასა როგორც „ცუდი“, 38 % – მა როგორც „საშუალო“, ხოლო 3 % – მა როგორც „კარგი“.
კვლევის გამოქვეყნებამდე ხუთი დღით ადრე, NDI-მ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ შეფასება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, ბევრი საკითხი კვლავ ბუნდოვანია. ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, რომ არჩევნების თარიღი „რაც შეიძლება სწრაფად“ დანიშნოს, რაც საარჩევნო კამპანიის რეგულაციების ამოქმედებას უზრუნველყოფს, ამასთან პარტიები და კანდიდატები ოფიციალური კამპანიების დაწყებას შეძლებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)