Site icon Civil.ge

1918: საქართველოს მოქალაქეობის გამო

(საქართველოს რესპუბლიკა, N8, 2 აგვისტო, 1918) ამ დღეებში ჰაიასტანის [სომხეთის] მთავრობის დიპლომატიური წარმომადგენლის ა. ჯამალიანის თავმჯდომარეობით შესდგა სხდომა. ამ სხდომაზე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ ქვეშევრდომობის კანონის გამოცხადების საკითხი ირჩეოდა. მონაწილეობა მიიღეს პრესის და რამოდენიმე ეროვნულ დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

ა. ჯამალიანმა შეკითხვით მიმართა დამსწრეთ, თუ რა აზრის არიან თბილისის სომეხ ერის და სხვა წრეები ქვეშევრდომობის საკითხის შესახებ, რადგან ეს აზრი შეატყობინონ ჰაიასტანის მთავრობას ამ მორიგ და საჭირო საკითხზე. თათბირის დროს გამოირკვა: ზოგნი იმ აზრის არიან, რომ თბილისში დარჩენილ სომხების, განსაკუთრებით ინტელიგენტ ნაწილის მოვალეობაა სომხების მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. მდგომარეობა განმტკიცდება მაშინ, როცა სომეხი მოქალაქენი უფრო მრავალ რიცხოვანი იქნებიან საქართველოს დედა ქალაქ თბილისში.

ზოგნი კი იცავდნენ წინააღმდეგ შეხედულობას, მათი აზრით სომხობა უნდა მოგროვდეს ჰაიასტანის მიწა-წყალზე და საქართველოში იძულებითი დარჩენილ სომხებს შეუძლიანთ არ აღიარონ საქართველოს ქვეშევრდომობა, ყოველივე სამოქალაქო უფლებებით ისარგებლებენ.

ლ. ევანგულიანმა შემდეგი აზრი გაუზიარა დამსწრეთ, რადგანაც ქვეშევდრომობის საკითხი მჭიდროთ არის დაკავშირებული სამხედრო ბეგარის საკითხთან, სომხეთის მთავრობას შეუძლიან ოფიციალურათ მიმართოს საქართველოს მთავრობას თხოვნით, რომ საქართველოს საზღვრებში მცხოვრებ სომხებიდგან არ გაიწვიოს ჯარის კაცები; ასეთივე თხოვნით მიმართოს აგრეთვე ადერბაიჯანის მთავრობას, სადაც 700 ათასი სომეხი სცხოვრობს, ბოლოს სხდომამ საჭიროთ სცნო ქვეშევრდომობის კანონის უფრო დაწვრილებით გამოსაკვლევად აირჩიოს იურისტებიდან საგანგებო კომისია.

კომისიაში აირჩიეს შემდეგი პირები: ს. არუთინიანი, ი. სპანდერიანი, ს. მამიკონიანი, ი. ხუნუნხი, ლ. ევანგულიანი და ხანდანიანი. ამ კომისიას მიეცა კოოპტაციის უფლება.