ორმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ – ევროპის სახალხო პარტიის ეგიდით საპრეზიდენტო არჩევნებზე თანამშრომლობის თაობაზე დადებული შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.
უთანხმოება ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შემდეგ დაიწყო. ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას, ვაშაძემ განაცხადა, რომ „ეხლა რომ ევროპულ საქართველოს ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მაგათი გაკეთებულია და მერე გავიდნენ პარტიიდან და ჰგონიათ რომ ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება, შეცდომები და დანაშაულები ვისი ჩადენილი იყო“.
ვაშაძის განცხადებას ევროპული საქართველოს კრიტიკა მოჰყვა. დეპუტატმა ოთარ კახიძემ ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან „პირველივე შესაძლებლობისთანავე დაიწყო ტალახის სროლა.“ „ის ამბობს, რომ წარსულში რაღაც დანაშაულები და საშინელებები ხდებოდა, ჯერ უნდა დააკონკრეტოს რას გულისხმობს და მერე უნდა დააკონკრეტოს კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობაა ევროპული საქართველოდან“, – განაცხადა კახიძემ.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, თავის მხრივ, თითი ევროპული საქართველოსკენ გაიშვირეს. დეპუტატმა ნიკა მელიამ 1 აგვისტოს განაცხადა, რომ პირველად შეთანხმება სწორედ ევროპულმა საქართველომ დაარღვია, ვაშაძემ კი, მხოლოდ პასუხი გასცა მათ თავდასხმას. მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას 10 ივლისის განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება საბანკო შემოსავლების შესახებ „აბსურდული და არასერიოზული“ იყო.
„სამწუხაროა, რომ ამას პერიოდულად აქვს ადგილი, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ყველანი ერთად საკუთარ თავებში ვიპოვით ძალას და დროებით მაინც გადავდებთ ყველანაირ გაუგებრობას გვერდით და მთავარ მიზანზე ვკონცენტრირდებით“, – განაცხადა მელიამ.
გიორგი ბარამიძემ, რომელმაც შეთანხმებას ხელი ნაციონალური მოძრაობის სახელით მოაწერა, მელიას გზავნილები გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ვაშაძის განცხადება ემოციური პასუხი იყო უგულავას პოლიტიკურ თავდასხმაზე. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ შეთანხმება ძალაში რჩება და იმედი გამოთქვა, რომ ორივე მხარე დაიცავს მის პირობებს და უარს იტყვის აბსოლუტურად უაზრო დავაზე.
დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ევროპული საქართველოდან განაცხადა, რომ მისი პარტია კვლავაც შეასრულებს შეთანხმებას, თუმცა დასძინა, რომ „შეთანხმება ძალაშია მარტო მაშინ, თუ ის არის ორმხრივად დაცული“.
მან ასევე განმარტა, რომ უგულავას განცხადება სააკაშვილის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე გაკეთდა. „არასწორია იმის მტკიცება, რომ შეთანხმება პირველად ევროპულმა საქართველომ დაარღვია. მე მესმის, რომ მათ მოუწიათ ასეთი ტიპის ახსნა მოძებნონ. სამწუხაროა, რომ ამაშიც მოუწიათ შესვლა და ბავშვური გამოსავლის მოძებნა, მაგრამ იმედია, რომ მომავალში ამას აღარ გააკეთებენ და ამ პოლიტიკურ შეცდომას არ დაუშვებენ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)