1918 წლის ზაფხულში დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია, რომელიც მანამდე რუსეთის ესერთა პარტიის ამიერკავკასიის საოლქო ორგანიზაციის ნაწილი იყო. 1918 წლის 3 აგვისტოს, შაბათ დღეს, საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა პირველად გამოსცა ოფიციალური ორგანო „შრომა“, დევიზით “ბრძოლაში ჰპოვებ უფლებას”.
—
თფილისი, 3 აგვისტო
დღეს პირველათ გამოდის ჩვენი ცენტრალური ორგანო. ზოგიერთებისათვის მისი გამოსვლა მოულოდნელი იქნება, ბევრი კი მას უკვე კარგა ხანია უცდის, ეს აიხსნება მრავალი იმ მოვლენებით და ამბებით, რომლებიც საზოგადოებრივ და პარტიულ ცხოვრებაში წინ უძღოდა საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების ცენტრალური კომიტეტის შემოსვლას. ჩვენი პარტიის ამიერ-კავკასიის ორგანიზაციებში თავიდან არ ყოფილა განხეთქილება, მაგრამ პარტიული ცხოვრება მაინც არ მიმდინარეობდა სასურველად. ბაქოს ორგანიზაციამ ფაქტიურად კარგა ხანია თითქმის სავსებით გასწყვიტა კავშირი ამიერ-კავკასიის ორგანიზაციებთან. …[….].. ბაქოს ორგანიზაციამ წინააღმდეგ პარტიისა, აღიარა საბჭოთა მთავრობა და მით უფრო დაშორდა იდეურად და პრაქტიკულად ამიერ-კავკასიის დანარჩენ ორგანიზაციებს. მეორეს მხრით, თვით ამ ორგანიზაციებს თავიდან დაეტყო ორად დაყოფა: დასავლეთ ამიერ-კავკასიის ორგანიზაციები მცირე გამოკლებით მარცხნით სწევდნენ, ხოლო აღმოსავლეთ ამიერ-კავკასიის ორგანიზაციები მარჯვნით.
[…] დაახლოვებით ამ დროს მოხდა ამიერ-კავკასიის რუსეთიდან ჩამოშორება, შემდეგ ამიერ-კავკასიის მთლიანი დემოკრატიული ფრონტიც დაირღვა და სხვადასხვა რესპუბლიკები გამოცხადდა. პარტიულ ბანაკში ყველა ამ ამბებმა მეტად გააძლიერა აზრთა სხვადასხვაობა.თბილისში არსებული საოლქო კომიტეტები არც ტერიტორიალურად და არც არსებითად გამოხატავდნენ ამ ორგანიზაციების უმრავლესობის ტაკტიკურსა და პრინციპიალურ შეხედულებებს. ამ გარემოებამ აიძულა ქუთაისის ორგანიზაცია თავის თავზე აეღო ინიციატივა ახალი პარტიული ყრილობის მოწვევისა. ივნისის ბოლო რიცხვებში ქ. ქუთაისში მოხდა საქართველოში არსებულ პარტიული ორგანიზაციების ყრილობა, რომელსაც დაესწრო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა. ყრილობამ თავის თავი დამფუძნებელ ყრილობათ აღიარა და ამოირჩია „საქართველოში მოქმედი სოც. რევ. პარტიის ცენტრალური კომიტეტი“. მაშასადამე, ჩვენი გაზეთი არის საქართველოში არსებულ ჩვენი პარტიული ორგანიზაციების ორგანო, მათი ნება-სურვილების კანონიერი და სრულ უფლებიანი გამომხატველი.
იშვიათ პირობებში უხდება ჩვენს გაზეთს გამოსვლა. მომენტი მეტად რთული და საპასუხისმგებლოა.
საქართველოს დემოკრატია განმარტოებული და საერთაშორისო ბრძოლაში დამარცხებული უკანასკნელ ძალებს იკრეფს რევოლიუციის მოპოვებათა შესანარჩუნებლად.
დამოუკიდებლობის გამოცხადებით მის ცხოვრებაში ახალი ფაქტორი შეიჭრა. როდესაც პირველად დაისვა კითხვა: ფედერაცია თუ კონფედერაცია, ჩვენ მხურვალედ ვიცავდით ამიერ-კავკასიის ერების ფედერაციას, ვინაიდან ღრმად გვწამდა და გვწამს, რომ ამ.-კავ. დემოკ. და ერების სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვენ მჭიდრო და ძმურ კავშირს… […] წინააღმდეგ ჩვენი სურვილების ამიერ-კავკასიის ერთი მთლიანი რევოლიუციონერ-დემოკრატიული ფრონტი დაიშალა, გამოცხადდა ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკები.
ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ამიერ-კავკასიის დამოუკიდებელ ერთეულებათ დაყოფვის მომხრე, მაგრამ უნდა ვსთქვათ, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, რადგან სხვა უკეთესი გამოსავალი არ არსებობდა!
[…] ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველაფერს, რაც ჭეშმარიტად რევოლიუციონურია, რაც გააძლიერებს ჩვენი დემოკრატიის რევოლიოციონურ პოზიციებს და ხელს შეუწყობს ამიერ-კავკასიის ერთა შორის სოლიდარობის განმტკიცებას, ხოლო ყველა იმას, რასაც შოვინიზმის ბეჭედი ედება, სასტიკად შევებრძოლებით!..ჩვენი დროშა არის დროშა რევოლიუციონური ინტერნაციონალისა, ჩვენი ორიენტაცია არის ორიენტაცია რევოლიოციონური სოციალიზმისა!..
ჩვენთვის არ არსებობს „ელინი და იუდეველი“. სოციალიზმის იდეები, პიროვნების უფლებანი და ერის თავისუფლება ჩვენთვის განუყრელნი არიან.!.. ჩვენ გვექნება იდეური ბრძოლა უმთავრეს ორ იდეიურ მიმდინარეობასთან. ეს არის რუსეთში ბოლშევიზმი, ჩვენში მენშევიზმი. ორივე დღეს კრიზისს განიცდის. ბოლშევიზმი ეს არის სოციალიზმი უდემოკრატიოთ, მენშევიზმი ეს არის დემოკრატია უსოციალიზმოთ. ჩვენ უარყოფთ, როგორც პირველის ავანტიურისტულსა და პოგრომულ ხასიათს, აგრეთვე მეორესი ოპორტუნიზმსა და ჯგუფურ ავათმყოფობას.
ჩვენი ლოზუნგია: დემოკრატიაც და სოციალიზმიც.
ვიცით: ცხოვრება ულმობელია. ის ხშირად ცინიკურად დასცინის მაღალ იდეალებს. ის სასტიკად გაილაშქრებს ჩვემს წინააღმდეგ. მომართავს ინსინუაციებს, შესაძლოა დაეყრდნოს ძალადობას. კომპრომისების ალყას შემოგვარტყამს, მაგრამ ჩვენ არ დავსთმობთ, არ დავიხევთ, შევებრძოლებით!…