შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში, მინდელის შახტებში მომხდარ შეთმხვევებთან დაკავშრებით, მიმდინარე გამოძიების შედეგად, 7 პირი დააკავა.
შსს-ის მიერ 6 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, უწყებამ 5 აპრილს ტყიბულის მინდელის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 6 პირი დააკავა. კერძოდ, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით, დაკავებული არიან მინდელის სახელობის შახტის დირექტორი, მთავარი ინჟინერი და მენეჯერი. ასევე, #1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი, ამავე უბნის უფროსის მოადგილე და უფროსის თანაშემწე.
უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები დაარღვიეს, რომლის თანახმადაც, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც უსაფრთხოების წესები დარღვეულია. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა იცოდნენ, რომ შახტში ჭერი გამაგრებული არ იყო და სამთო სამუშაოების წარმოება ისე დაიწყეს.
შედეგად, 5 აპრილს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად შახტის 6 თანამშრომელი გარდაიცვალა, ორმა კი დაზიანებები მიიღო.
შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარებს, რაც ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას, ან 5 წლით თავისუფლების აღკვეთას და 3 წლამდე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
შსს-ის ინფორმაციით, 2 ივნისს ტყიბულის ქვანახშირის შახტში მომხდარი შემთხვევის გამო, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის კიდევ ერთი პირია დაკავებული, რომლის მიმართაც საქმე ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარებს. იმავე მუხლით იძიებს შსს 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევასაც.
მიმდინარე წელს ტყიბულის შახტებში მომხდარი შემთხვევების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. 5 აპრილს შახტში, სავარაუდოდ, სამთო დარტყმას 6 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი ადამიანი გარდაიცვალა ორ ივნისს საბადოზე სავარაუდო აფეთქების, ოთხი კი – 16 ივლისის შემთხვევის შედეგად.
This post is also available in: Русский (რუსული)