Site icon Civil.ge

ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და უკრაინა საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ

პოლონეთის, ლიეტუვას და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს, 7 აგვისტო, 2018, ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლიეტუვას, ლატვიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი 6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სტუმრობენ და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ.

ლატვიის, ლიეტუვას და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერმა – ედგარს რინკევიჩსმა, ლინას ლინკევიჩიუსმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა და პავლო როზენკომ მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ „მრგვალ მაგიდაში“ სახელწოდებით – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.

მაღალი რანგის სტუმრებმა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს და დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს. მინისტრები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესაც შეხვდნენ.

ვიზიტის დასასრულს, ოთხმა მინისტრმა ერთობლივი კომუნიკე მიიღო, რომელიც „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ მათი ქვეყნების „ურყევ მხარდაჭერას“ ადასტურებს.

„რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთი, კვლავ არ ასრულებს საქართველოს წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. შედეგად, საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ისევ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ამ რეგიონების მცოცავი ოკუპაცია კვლავაც გრძელდება”, – ნათქვამია კომუნიკეში.

მინისტრებმა რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდეს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს, რომ „ერთობლივი ძალებით დადგნენ საქართველოს გვერდით და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, საერთაშორისო სამართლისა და მეზობელი ქვეყნების საზღვრებისა და არჩევნის პატივისცემა მოსთხოვონ”.

დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „საქართველოს თანამდეროვე ისტორიაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღის 10 წლისთავზე“ 4 ქვეყნის მინისტრის ვიზიტი საქართველოს მიმართ „მათი მეგობრობისა და მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)