გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის პრესსპიკერის მოადგილემ ფარან ჰაქმა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშრებით, გენერალური მდივნის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გუტიერესის შეფასებით, არსებული ვითარება „იმის შეხსენებაა, რომ ამ და ევროპის მასშტაბით არსებული სხვა გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარებაა საჭირო“.
„ეს პროცესი შესაბამისი აქტორების ჩართულობას, ძლიერ პოლიტიკურ ნებას და მოლაპარაკებების პროცესის გაძლიერებას საჭიროებს“, – აღნიშნა ჰაქმა.
„გაეროს გენერალური მდივანი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) მონაწილეებს მოუწოდებს, რომ შეიმუშაონ კონსტრუქციული, მომავალზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ამ მექანიზმს საკუთარი მანდატის შესრულების საშუალებას მისცემს“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გენერალური მდივანი ყველა დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, რომ „პროგრესს დიალოგის გზით მიაღწიონ და ისეთი ცალმხრივი პოლიტიკის გატარებისგან თავი შეიკავონ, რომელმაც, შესაძლოა, რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს“.
პრესსპიკერის მოადგილის განცხადებით, ანტონიო გუტიერესი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებმა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმმა (IPRM) „სტაბილურობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანა, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, კვლავ მნიშნველოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების მიმართ“.
„გაერო კვლავ გააგრძელებს ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის მხარდაჭერას“, – დასძინა ჰაქმა.
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს: ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა. ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმაც, რომელიც ეუთოს წევრ 11 სახელმწიფოს აერთიანებს, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)