რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებასა და ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციაზე ამახვილებს ყურადღებას.
7 აგვისტოს გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პასუხი რუსეთის „რეგულარულ“ პროვოკაციებზე, „მავთულხლართებზე, ხელოვნურ ბარიერებზე, ოჯახების გაყოფაზე და ე.წ. გამშვებ პუნქტებზე, არის თამამი სამშვიდობო ინიციატივები“.
„საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას და სტაბილურ განვითარებას მიაღწიოს. ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას სამშვიდობო გზას, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ, დევნილების დაბრუნებისკენ და ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისკენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მანვე დასძინა, რომ რუსეთის 10 წლიანმა ოკუპაციამ „ყველას ნათლად დაანახა, რომ დღეს არსებული ვითარება არ არის ის იდეალური მდგომარეობა, რისკენაც აფხაზები, ოსები და ქართველები ვისწრაფვით“.
„სწორედ ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა – აფხაზებმა, ოსებმა და ქართველებმა ერთად უნდა გამოვნახოთ ძალა და ნება, ამ თავსმოხვეული პროვოკაციის დასაძლევად და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მშვიდობის მისაღწევად“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
„დღეს, ამდენი წლის შემდეგ, როდესაც ადამიანებს თბილისში, სოხუმში, ცხინვალსა თუ სხვა ქალაქებში თითქოსდა გარკვეულ მომენტებში დაკარგული აქვთ კონფლიქტის დარეგულირების იმედი, მინდა, ხაზგასმით ვუთხრა, რომ მოდით, თვითკრიტიკულად გავიაზროთ განვლილი დრამატული პერიოდი და ეს არის ერთადერთი სწორი მიდგომა სამომავლოდ საერთო ენის გამონახვაში“, – განაცხადა პრემიერმა.
„მე მჯერა, რომ ერთ დღესაც ჩვენ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, აუცილებლად გადავჭრით ყველა არსებულ გამოწვევას და გამოვნახავთ გზებს მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის საერთო ინტერესები, საერთო წარსული, ღირებულებები და ისტორია, რაც ჩვენ გვაერთიანებს“, – დასძინა პრემიერმა.
მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე იგივე გზავნილები გაახმოვანა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 10 წლიანი ოკუპაცია „მძიმე გამოწვევას წარმოადგენს ათასობით ადამიანისათვის ხელოვნური გამყოფი ხაზის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“.
„[აგვისტოს ომის 10 წლისთავზე] დევნილები ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. სამოცზე მეტი სოფელი ფაქტობრივად ფიზიკურად არის გახლეჩილი 100 კილომეტრამდე მავთულხლართებით. განსაკუთრებით მძიმე გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა სოციალური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
„დღეს შეიძლება სრულიად ცალსახად ითქვას, რომ არსებული ვითარება არც ქართველების, არც ოსების და არც აფხაზების ინტერესში არ შედის“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.
ციხელაშვილმა განმარტა, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან „რეგულარული პროვოკაციებისა“, საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული რჩება და „დგამს ახალ, დინამიურ და პროაქტიულ ნაბიჯების სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც საფუძვლად უდევს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებები და მათი ბუნებრივი სწრაფვა მშვიდობის, განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ“.
მან მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ინიციატივა კომპლექსურია და აერთიანებს ახალ, ქმედით, მათ შორის სტატუს ნეიტრალურ მექანიზმებს, იმისთვის, რომ ჰუმანიტარული და მოქნილი მიდგომებით გადაიჭრას კონკრეტული საკითხები და შეიქმნას კონსტრუქციული სივრცე ხალხთაშორის დიალოგის, ნდობის მშენებლობისა და შერიგებისათვის”, – განმარტა ციხელაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)