Site icon Civil.ge

აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების გამო, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს, 8 აგვისტო, 2018, ფოტო: სალომე ზურაბიშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოდან

პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, ოპოზიციური სპექტრის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები

6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ომი საუკუნეების წინ რუსეთმა დაიწყო, თუმცა „ჩვენ ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში“ და საომარი ვითარების ეს ნაწილი საქართველომ დაიწყო. მანვე განმარტა, რომ „ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია“, რომელსაც ევროკავშირიც ადასტურებდა.

სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომზე ისაუბრა 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც. მისი თქმით, საომარი მოქმედებები დაიწყო იმ დროს, როდესაც „საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, საქართველო იყო გაფრთხილებული თავისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა“.

„როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია – უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და განმარტა, რომ ეს სწორედ ის საკითხებია, რომელზეც ჟურნალისტები და ანალიტიკოსები უნდა მსჯელობდნენ.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებები

პრეზიდენტობის კანდიდატის ორივე განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, „სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში, ქართველი ხალხი რუსეთს საკუთარი ხელით შეუსრულებს დაკვეთას, რომ მოხდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსის უკვე საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებაც“.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განმარტებით კი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ საპრეზიდენტო არჩევნებს დამატებითი დატვირთვა შესძინა, რომ „ეს მართლაც უნდა იქცეს რეფერენდუმად, პირდაპირი მტრის სამსახურში ყოფნის ან სასარგებლო იდიოტიზმის საწინააღმდეგოდ და პოლიტიკური წერტილის დასასმელად“.

იგივე გაიმეორა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამაც. მისი თქმით, „28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები გადააქცია პირდაპირი მნიშვნელობით რეფერენდუმად“. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მთელი ამ ექვსი წლის განმავლობაში, ქართული ოცნების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მოივლის მთელ მსოფლიოს და დაარწმუნებს, რომ საქართველომ დაიწყო ომი“, – განაცხადა უგულავამ.

სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკეს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, „ომებს თავის ტერიტორიაზე სახელმწიფოები ვერ იწყებენ, ომი შეიძლება დაიწყო სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენი ჯარი, ავიაცია და ბომბები რუსეთის ტერიტორიას არ მოხვედრია და იქ არავინ გადასულა“. თავისუფალი საქართველოს ლიდერის კახა კუკავას განმარტებით კი, საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილის გამარჯვება იქნება „დიაგნოზი“, იმისა, რომ „ქართველი ხალხი უარს ამბობს ნორმალურ სახელმწიფოებრიობაზე“.

ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა დავით უსუფაშვილმაც. მისი თქმით, საქართველოში ომი „რუსეთმა აწარმოა“ და „მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“. „ყოველგვარი საუბრები იმაზე, რომ საქართველო ხომ არაა ცოტათი მაინც დამნაშავე რუსეთთან ურთიერთობაში, რაიმე ეტაპზე, რაიმე პოზიციაზე, ეს არის, ჩემი აზრით, არასწორი და მიუღებელი“, – დასძინა უსუფაშვილმა.

ერთადერთი ვინც სალომე ზურაბიშვილის პოზიცია გაიზიარა, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე იყო. „დიახ, სააკაშვილის ბრალია ომი, ამ ომის აცილება შესაძლებელი იყო. რომ არა სააკაშვილის ახირება, ომი არ იქნებოდა“, – განაცხადა, მან.

მმართველი გუნდის შეფასებები

შეფასებებში თავშეკავებული იყო მმართველი გუნდი. ისინი სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას ერიდებოდნენ, თუმცა პოზიციას, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი საქართველომ დაიწყო, ღიად ემიჯნებოდნენ. „ვინც არ უნდა გააკეთოს კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველო არის აგრესორი და ომი საქართველომ დაიწყო ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი“, – აღნიშნა ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით კი, „პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი. ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო იცავს სტრასბურგში, ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც. მისი განმარტებით, მმართველ გუნდს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. „რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია. მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისშივე, რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას“.

მანვე დასძინა, რომ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი და მეგობარი ქვეყანა, მათ შორის, აშშ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ „რუსეთი საქართველოში საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას გეგმავდა“. თუმცა, „სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში“.

მმართველი გუნდის მსგავსმა შეფასებებმა, გააჩინა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს მხარი აღარ დაუჭიროს. პარტიაში ამბობენ, რომ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადებას აგვისტოს ბოლოს გააკეთებენ.

სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო პირველად ომის დასრულებიდან მალევე დაადანაშაულა. „7 აგვისტოს ცხინვალში შეჭრის და ცხინვალის დაბომბვის ფაქტები ეს საქართველოს მხარემ დაიწყო“, – ამბობდა ის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)