Site icon Civil.ge

1918: ომი და სიძვირე რესპუბლიკაში

ფოტო: ძველი თბილისი, მეიდანი - ეროვნული ფოტომატიანეს კოლექცია. ფოტოს მფლობელი ბაია დვალიშვილი

(“ერთობა”, 9 აგვისტო, 1918წ, N167)

ომი და სიძვირე

ომი და სიძვირე ორნი არიან, ტოლნი არიან, ერთად მიდიან, მიიმღერიან.

ვაი და უი მათ სიმღერას. წყევლა კრულვა ომსა და სიძვირეს.

მარა წყევლით საქმე არ გაკეთდება.

მართალია ჯერ ომმა და მერე სიძვირემ შექმნეს ისეთი გარემოება, რომელმაც ჩვენ მოგვცა რევოლიუცია და შემდეგ თავისუფლება, მაგრამ საშიშოა სიძვირის მიერ მოტანილი თავისუფლება ისევ სიძვირემ არ წაიღოს.

საფიქრელია ეს ნორჩი თავისუფლება ამ წყეულმა ომმა და სიძვირემ არ გამოგვტაცოს ხელიდან.

ომი ხომ ომია… ის ხალხის სიმდიდრის გამანადგურებელია… ომი კაცობრიობის წინმსვლელობის ჩარხის უკუღმა დამაბრუნებელია…

მარა არც სიძვირე ჩამორჩება თავის უფროს ძმას, ომს უკან.

ასე თუ ისე ომი მოვიშორეთ… თავიდან მოვიცილეთ. ცოტათი ტავისუფლათ ამოვისუნთქეთ.

ზავი ჩამოვარდა…

შინაური ანარქია ქრება.

აჯანყებულები იღვიძებენ. ისინი ქედს იხრიან საქართველოს რესპუბლიკის წინაშე.

საქმეს კაი ბოლო უჩანს.

ქართველ ხალხს იმედი ეძლევა კეთილი მომავლისა…

ის იწყებს სახელმწიფოს აღმაშენებლივ მუშაობას.

მარა აი ეს წყეული, ეს ცნობილი სიძვირე გვიშლის ხელს; გვიხუთავს სულს; გვიფუჭებს საქმეს.

უმთავრესი სიძვირის მიზეზი ომია. ომი ადგილობრივ მაინც ჩაბარდა პატრონს. სიძვირე კი ისევ ხარობს; მიდის წინ; მის გაუმაძღრობას არ აქვს საზღვარი.

სჩანს რაღაც მიზეზები კიდევ ყოფილა ომს გარდა, რომელნიც სიძვირეს ხელს უწყობენ.

გამოვნახოთ ეს მიზეზები!..

არც შორს წასვლა, არც დიდი ძებნა არაა ამისთვის საჭირო.

ყველასთვის აშკარაა, რომ აქ იმ პირთა გაუმაძღრობაა თავი და თავი მიზეზი სიძვირისა, რომელთა ხელში ასე თუ ისე ესა თუ ის საქონელია დარჩენილი.

აი მაგალითი: შებრძანდით თუნდაც რომელიმე საფართლოში. ვსთქვათ დაგიფასათ არშინი ორ შაურიანი ჩითი ორ თუმნათ. თქვენ უყურებთ რო თქვენს გამოცარიელებულ ჯიბეს და ჩითის უვარგისობას – სთავაზობთ ცოტა ნაკლებს. “ხაზეინი” გამყიდავი კი ჯავრობს და პასუხის ღირსადაც არა გხდით.

მიდიხართ მეორესთან. ვაის გავეყარე და უის შევეყარე. იქ კიდევ უარესია.. რაღას იქ, ბრუნდები პირველთანვე, ვაი საშინელებავ. ეხლა ეს ორ შაურიანი, უკაცრავათ, ორ თუმნიანი ჩითი უკვე სამი თუმანია.

როგორ – ეკითხები: ასე ჩქარა, სულ ათ წუთში ამდენი იმატა, ასე გაძვირდა!

ვინ გაქცევს ყურადღებას. გინდა იყიდე – არა  და მიბრძანდი… სხვა იყიდის…

ასეთი სურათის მოწამე ბევრია თქვენგანი, მკითხველო.

რას ფიქრობენ ეს ვაჟბატონები!

რის იმედი აქვთ!

თავისუფლების არა?

დედა, რა კაი ყოფილა ეს თავისუფლება.

ორ შაურათ ღირებულს გავყიდი სამ თუმნათ.

აბა ბიჭია, მითხრას ვინმემ რამე.

მადლობა ღმერთს ლენინი შორსაა.

მე კი თავისუფალი საქართველოს შვილი ვარ.

თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა ჩვენი მთავრობა. დღეგრძელობა ჩვენს მთავრობას რას მიქვია ვიშ-შიში… მათრახის დრო წავიდა, გაჰქრა.

ჰაი ჰაი,რომ მათრახის დრო წავიდა. მაშინ ასე ვერ იპარპაშებდნენ ჩვენი სპეკულიანტები.

მაშინ მათრახის ეშინოდათ.

პრისტავი ზურგზე ტყავს გააძრობდა, ვირის აბანოსაც არ მოაკლებდნენ.

მოდი და გაიგე ამათი – ამ სპეკულიანტებისამ გაუმაძღარი ქვეყნის პარაზიტების საქმე. აქ რაღაც გაუგებრობაა.. შეუგნებლობაა… თავისივე ინტერესების გამოურკვევლობაა.

განა თავისუფლებას ამისთვის ვნატრობდით,მისთვის ვწირავდით მას ყოველივეს, რომ ვიღაც სპეკულიანტ ვაჭრებს სული ამოვახდევინოთ, ქვეყანა დავანგრევინოთ?

არა ეს შეუძლებელია.

დროა ჩვენი მთავრობა საქმეს შეუდგეს ამ ვაჟბატონების ასალაგმავათ.

ამის ძალა და საშუალება ჩვენ მთავრობას მოეპოვება.

ეს ვაჟბატონები აიძულებენ მთავრობას სისასტიკე გამოიჩინოს. ეს ვაჟბატონები ვერ შნოობენ მთავრობის კარგსა და დემოკრატიულ მხარეებს. მათ უნდათ დემოკრატიის რისხვა. ამასაც მიიღებენ.

მაშინ იძახონ, რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო.

ამ სპეკულიანტებს რაც არ ერგება, არც შეერგება მათ ვერ შეიღირსეს ადამიანობა, სიკეთე, თავისუფლება.

რას იზამ, როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო. რომ ამ წარმოუდგენელმა სიძვირემ არ გამოიწვიოს, მეტი გამწვავება, საჭიროა ახლავე ზომების მიღება ამ სპეკულიანტების ასალაგმავათ. რათაც უნდა დაგვიჯდეს დაყოვნება შეუძლებელია.

ცოტაც და ფული – მანეთი დაკარგავს თავის ღირებულებას.

მერე კი დაიწყებენ წუწუნს ეს ვაჟბატონები თუ შენახულ-შებოჭილი ფული გაუხუნდათ.

ყოფილა შემთხვევა, რომ გლეხს თავის მიერ გაფუჭებული ფული ბანკში მიუტანია გამოსაცვლელათ.

თუ ეხლა გაფუჭებულის გამოცვლა შესაძლებელია, მაშინ, როცა ფული დაჰკარგავს თავის ღირებულებას, ყოველი ცდა ამაო იქნება. მაშინ ვეღარც თავის ფულს უშველიან ეს ვაჟბატონები და ქვეყნის საქმეც წაგებული იქნება. ამას ეს ბეცები ვერას გრძობენ, ვერ ხედავენ. ფულის მოგების სურვილმა ამათ დაუხშო, დააკარგვინა ყოველგვარი ადამიანური გრძნობა და მოსაზრება.

ამათ გამოღვიძება, გამოფხიზლება უნდა. ესენი მარტო თავის თავს როდი დაიღუპავენ. ამიტომ ამ ხალხის მტერთა შესახებ ლმობიერება, კაცთმოყვარეობას ალაგი აღარ უნდა ჰქონდეს. ყველა როდი ყოფილა თავისუფლების ღირსი.

დეე, რაც დასთესეს, ის მოიმკან …

უღირსი შვილები თავისუფლებისა უნდა აილაგმონ.

ს. დოლიძე.