Site icon Civil.ge

1918: რესპუბლიკაში იწყება სასამართლო რეფორმა

ნესტორ საყვარელიძე (1884-1971) კოლეგებთან ერთად ხარაგაულის სასამართლოში. ეროვნული ფოტომატიანეს კოლექციიდან.

(“ერთობა”, 15 აგვისტო, 1918 წ. N172)

სასამართლოს რეფორმა

მართვა-გამგეობის საფუძველს ადმინისტრაცია და სასამართლო შეადგენს. ადმინისტრაციას სისრულეში მოჰყავს კანონი და უმაღლეს მთავრობის განკარგულებანი. სასამართლო კი თვალყურს ადევნებს კანონის დამრღვევთ და ამ გზით იცავს, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე კერძო მოქალაქეთა ინტერესებს.

რუსეთის თვითმპყრობელობამ მრავალ სხვა უწესოებათა შორის მოუწყობელი სასამართლოც გვიანდერძა: მისი მთავარი ნაკლი იყო მოსამართლის დამოუკიდებლობის მოსპობა და ადმინისტრაციის ყურმოჭრილ მონათ გადაქცევა.

კერძოთ, ჩვენში ამ ბოროტებას დაერთო კიდევ ერთი ახალი ბოროტება: მთავრობის გამარუსებელი პოლიტიკა, რის მეოხებით ჩვენს სასამართლოში გაბატონებული იყო მცხოვრებთათვის გაუგებარი ენა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო დაამდაბლა სასამართლოს ღირსება და ყოველგვარი პატივისცემა დაუკარგა მას ხალხის თვალში.

მაგრამ ასეთი სამართალიც მიუწდომელი იყო ხალხისათვის სასამართლოთა რიცხვის სიმცირის გამო.

რევოლიუციამ დაანგრია ის საფუძველი, რომელზედაც ძველი სასამართლო იდგა. განმათავისუფლებელმა ხალხმა ზურგი აქცია ძველს სასამართლოს. ფაქტიურათ სასამართლოების მოღვაწეობა შეჩერდა, თუმცა მოსამართლეები დღესაც თავინთ ადგილებზე სხედან და ხაზინიდან დანიშნულ ჯამაგირებს ძველებურათ იღებენ.

ხალხი იძულებული გახდა თვითვე მოეწყო სასამართლო: სოფლებში სასოფლო სასამართლოების საქმე გლეხთა საბჭოებმა და სასოფლო აღმასრულებელმა კომიტეტებმა იკისრეს, რაიონებში – სარაიონო აღმასრულებელმა კომიტეტებმა და კომისრებმა. ეს დაწესებულებები პირველ ხანებში, სანამ რევოლიუციონური სული ძლიერი იყო, ასე თუ ისე პირნათლათ ასრულებდნენ გარემოებით დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ ბოლო ხანებში მდგომარეობა შეიცვალა და ხალხი მოკლებულია სასამართლოს. ეს გარემოება სხვათა შორის დიდათ უწყობს ხელს ანარქიის გაძლიერებას.

იუსტიციის სამინისტროს, თუმცა დაგვიანებით, ყურადღება მიუქცევია ამ არა ნორმალურ მდგომარეობისათვის დაუმზადებია მთელი რიგი კანონ-პროექტებისა. ეს კანონ-პროექტები, როგორც ვიცით, ეროვნულ საბჭოს იურიდიულ კომისიას აქვს გადაცემული და მალე თვით საბჭოს წარედგინება განსახილველათ.

აღნიშნულ კანონ-პროექტთა შორის პირველი ადგილი უჭირავს კანონ-პროექტს მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ.

ჩვენს სამინისტროს დრო და გარემოება ნებას არ აძლევს რაიმე თვითმოქმედება გამოიჩინოს ამ დარგში და შექმნას სრულიად ახალი სასამართლო, ამიტომ ის იძულებულია დაეყრდნოს 1912 წლის 15 ივნისის კანონს, რომელიც რუსეთის ზოგიერთ გუბერნიებში უკვე იქნა შემოღებული, – მაგრამ ზოგიერთ ცვლილებებით და დამატებით.

ჩვენი სამინისტროს კანონ-პროექტში სავსებით არის დაცული პრინციპი სასამართლოს დამოუკიდებლობისა: უკვე არჩეულ მოსამართლეს ვერავინ ვერ დაატოვებინებს ადგილს, თუ მან რაიმე ბოროტ-მოქმედება არ ჩაიდინა და სასამართლოს წესით არ იქნა დასჯილი. მხოლოდ, დროებით, სანამ ჩვენში ერობა მოეწყობოდეს, მოსამართლეებს ნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

მეორე მთავარი განსხვავება იმაშია, რომ მოსამართლის ადგილის დასაჭერათ საჭირო არ არის არავითარი ქონებრივი ცენზი, როგორც ეს 1912 წლის კანონშია დაწესებული: საკმაოა კანდიდატს ჰქონდეს განსაზღვრული ზნეობრივი და განათლების ცენზი და სულ ერთია, ვინც უნდა იყოს ის, თუ კი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეა, ქალი იქნება თუ კაცი შეუძლია მოსამართლის ადგილი დაიჭიროს. რაც შეეხება სასამართლოს ენას დაწესებულია: ყველა მოსამართლემ აუცილებლათ უნდა იცოდეს როგორც სახელმწიფოებრივი ენა – ქართული და ამას გარდა ის ენა, რომელზედაც უბნის თვალსაჩინო უმცირესობა ლაპარაკობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი სასამართლოების მთავარი ნაკლი იყო სასამართლო უბანთა სიმცირე, რაც იწვევდა საქმის დაუსრულებელ გაჭიანურებას. ამ ნაკლის თავიდან ასაშორებლათ კანონ-პროექტით განზრახულია გამრავლდეს სამომრიგებლო უბანთა რიცხვი. მაგალითად მარტო ქ. თფილისს ეყოლება ოცზე მეტი მოსამართლე, გორის მაზრას ათზე მეტი და სხვა. გარდა ამისა გამრავლებული იქნება სააპელიაციო სასამართლოთა რიცხვი: დღეს მთელ თფილისის გუბერნიას აქვს ერთი სააპელიაციო ინსტანცია – ეს არის თფილისის ოლქის სასამართლო. ახალ კანონათ ერთი სააპელიაციო ინსტანცია ექნება მარტო ქალაქ თფილისს – თფილისის სამომრიგებლო ოლქი, ერთი მარტო გორის მაზრად – გორის სამომრიგებლო ოლქი და სხვ.

სასამართლო დაწესებულებათა რიცხვის ასეთი გამრავლება, მართალია, ბევრს ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროთ გააიაფებს და დააჩქარებს სამართალს, რაც ანარქიის და არევ დარევის მოსპობას დიდათ შეუწყობს ხელს.

ახალი კანონით ისპობა სასოფლო სასამართლოები, რაც დიდ ბოროტებას წარმოადგენდა ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ მომრიგებელ მოსამართლეებს ექვემდებარება შედარებით წვრილი საქმეები: სამოქალაქო სფეროში – ორი ათას მანეთამდე ღირებული, ხოლო სისხლის სამართლისაში – ის საქმეები, რომლისთვისაც დანიშულია სასჯელი არა უმეტეს დატუსაღებისა ღირსების აუყრელად.

სისხლის სამართლის მძიმე საქმეებისათვის განსაზღვრულია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა დემოკრატიის დახმარებით შესძლებს ახლო მომავალში განახორციელოს სასამართლოს განზრახული რეფორმა და მით მკვიდრ ნიადაგზე დააყენოს სამართლის საქმე.