Site icon Civil.ge

მამუკა ბახტაძემ შვიდი ახალი გუბერნატორი დანიშნა

საქართველოს მთავრობის კანცელარია, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/civil.ge

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 აგვისტოს 7 რეგიონის ახალი გუბერნატორი დანიშნა. ახალი გუბერნატორების სია ასეთია:

ქვემო ქართლი – შოთა რეხვიაშვილი, ის 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო;

მცხეთა-მთიანეთი – შალვა კერესელიძე, ის 2015 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა;

შიდა ქართლი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ის 2013 წლიდან ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია magti.com-ის კონტრაქტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა;

სამცხე-ჯავახეთი – ბესიკ ამირანაშვილი, მას 2017 წლიდან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორის პოსტი ეკავა;

იმერეთი – შავლეგო ტაბატაძე, ის 2016 წლიდან გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდლის თანამდებობაზე მუშაობდა;

სამეგრელო ზემო-სვანეთი – ალექსანდრე მოწერელია, ის 2014 წლიდან თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო;

გურია – ზურაბ ნასარაია, მას საქართველოს რკინიგზაში პროფკავშირების თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

საკადრო ცვლილებების შედეგად, საკუთარი პოსტები მხოლოდ ორმა – რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთისა და კახეთის გუბერნატორებმა შეინარჩუნეს.

პრემიერის განცხადებით, რეგიონების „თანაბარი და ინკლუზიური განვითარება“ მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია და ის გეგმები, რომელიც გუნდმა დაისახა „შეუფერხებლად, სრულყოფილად“ და „ძალიან მაღალი დისციპლინით“ უნდა განხორციელდეს.

მისივე თქმით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა უამრავ პრობლემას აწყდება, ამიტომ გუბერნატორის თანამდებობა იქნება სწორედ ის „მნიშვნელოვანია მექანიზმი“, რომელიც მოსახლეობასთან ეფექტიან კომუნიკაციას და მათ წინაშე არსებული პრობლემების ოპერატიულად მოგვარებას შეუწყობს ხელს.

ახალი გუბერნატორების დანიშვნაზე რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ „ამბიციური და სწრაფი რეფორმების“ გეგმის განხორციელებაში, რომელიც მთავრობას აქვს, ახალი რწმუნებულები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.

„გუბერნატორების მთავარი დავალება და ამოცანა იქნება სწორედ, რომ მთავრობის გეგმები მიიყვანოს თითოეულ რეგიონამდე, თითოეულ მოქალაქემდე და ყველა გახადოს მონაწილე ამ რეფორმებისა და შედეგების. ბუნებრივია, გუბერნატორი თვითონ ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, თუმცა გუბერნატორს შეუძლია შექმნას ამინდი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას. ეს არის ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და კარგი კოორდინაცია თვითმმართველობებს შორის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ახალი გუბერნატორების დანიშვნამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, რეგიონების მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან უკეთესი კოორდინაციის მოტივით, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან 5 რეგიონის რწმუნებულის გაათავისუფლა. იმავე დღეს, რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყო და მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადავიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)