Site icon Civil.ge

1918: ქართველი სამხედრო ტყვეები გერმანიიდან დაბრუნდნენ

ქართველ ტყვეთა გარემოცვაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წევრები. ზედა რიგში მარცხნიდან სხედან: აკაკი ჩხენკელი, ?, მაკრინე თურქია (აკაკი ჩხენკელის მეუღლე), ნორინა ჯილი და ნიკო ნიკოლაძე. მათ უკან დგანან: სპირიდონ კედია, გიორგი კერესელიძე, არტემ ჯიჯიხია, გიორგი მაჩაბელი, ?, ევგენი გეგეჭკორი. ფოტო გადაღებულია ზაგნში, ქართველი ტყვეების ბანაკში,1918 წლის ივნისში. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პირველ მსოფლიო ომში 20000-მდე ქართველი გაიწვიეს, რომელთა ნაწილიც
ტყვედ ჩავარდა. ზუსტი მონაცემები ქართველ ტყვეთა შესახებ უცნობია, თუმცა
ცნობილია, რომ ცოსენის ტყვეთა ბანაკში 1915 წელს 1600-ზე მეტი ქართველი
ტყვე იყო, ხოლო ეგერში – 1000-მდე. ქართველი ტყვეები იმყოფებოდნენ
გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის და საფრანგეთის ტერიტორიებზეც კი.
დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ამოცანა და გამოწვევა ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაც იყო.
ტყვეები ნაწილ-ნაწილ პერიოდულად ბრუნდებოდნენ. 1918 წლის აგვისტოს
ქართული გაზეთები ტყვეთა დაბრუნების ერთ-ერთ ტალღას ეხმაურებიან:

(გაზეთი ‘’საქართველოს რესპუბლიკა“, 18 აგვისტო, 1918, N20)
სამშობლოში დაბრუნებულნი.

გუშინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა ტყვეობიდან განთავისუფლებული
ორასი ქართველი მეომარი – ჯარისკაცი და აფიცრობა გენ. თოფურიძის
მეთაურობით. იმედია, მათ მალე მოჰყვებიან დანარჩენი ქართველი მეომრები,
რომლებიც სამი ოთხი წელიწადი ტყვედ იყვნენ უცხოეთში და მხოლოდ დღეს
ეღირსებიან უკვე თავისუფალ სამშობლოს ნახვას.

ქართველი ხალხი გულის ფანცქალით მოელოდა თავის მებრძოლ შვილების
დაბრუნებას და აი დღეს მას უმართლდება იმედი და ემატება სასოება, რომ მათი
დაბრუნება საბედნიერო იქნება ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების განმტკიცებისათვის.

მათ დასტოვეს საქართველო და მთელი რუსეთი თვითმპყრობელობის ორთავიან
არწივის კლანჭებში მკვნესარე. ხოლო დახვდათ რუსეთის სახელმწიფო
დაშლილი და საქართველო დამოუკიდებელი და განთავისუფლებული.
ჩვენ ღრმათ გვრწამს, რომ ჩვენი შინ დაბრუნებული მეომრები მყისვე
მიუხვდებიან გულის წუხილს სამშობლოს და დემოკრატიას, ღირსეულათ
შეასრულებენ თავის მოქალაქობრივ და სამხედრო მოვალეობას რესპუბლიკის
წინაშე და მთელ თავის ვაჟკაცურ ძალ-ღონეს დასდებენ დამოუკიდებელი
დემოკრატიული საქართველოს საკეთილდღეოთ და უზრუნველ საყიფლათ.

გულ მხურვალე სალამს ვუძღვნით სამშობლოში ტყვეობიდან დაბრუნებულთ!
თავისუფალი საქართველოს რესპუბლიკა აღსავსე სიყვარულით ჩაიკრავს მათ
გულში.