გასული წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 21 აგვისტოს გამოკითხვაზე მესამედ დაიბარეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატების განმარტებით, ის ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოიკითხა. ისინი მიიჩნევენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებს და მას ზოგადი ტიპის კითხვებს იმ საქმესთან დაკავშირებით უსვამენ, რაზეც სასამართლო განაჩენი უკვე დამდგარია.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის თქმით, „პარალელების გავლებით“ და „საზოგადოების ცნობიერებაზე ზუსტი მუშაობით“, მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორიზმში ბრალდებულ პირებთან გაიგივება და ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირება ხდება, „რათა არ მოხდეს საზოგადოების მხარდაჭერა და მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვება“ და „სიმართლის ევროპის დონეზე გატანა“.
გამოკითხვაზე დაბარებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მის მიმართ წნეხის მცდელობას უკავშირებს თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი. „ეს ადამიანები ცდილობენ რომ მთლიანად გამანადგურონ, რომ არ გაჟღერდეს სიმართლე…ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ან გადამღალონ, ან ჭკუიდან გადამრიონ, ან რაღაც სისულელე მათქმევინონ“, – განაცხადა მან.
გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ გოგაშვილის გადადგომა მისთვის არაფერს ნიშნავს. „დაისაჯოს სპეცრაზმელი [ვინც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა], გოგაშვილი და გომელაური [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი]“, – განაცხადა მან. მისივე თქმით, იოსებ გოგაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში განხორციელებულ „ტერორისტულ აქტს“ და „მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა სტრასბურგში ჩაშლილ ვიზიტთან“.
ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილი 16 აგვისტოსაც გამოკითხეს. ადვოკატების განმარტებით, მაშინაც კითხვები ზოგადი შინაარსის იყო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ „ამ რაღაცის მიღმა ხდება უფრო რაღაც სხვა მნიშვნელოვანი“.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარკვეულ ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს, მათ შორის, მალხაზის აქტიურობას და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგების მოთხოვნას“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.
14 აგვისტოს მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გაკეთებული განცხადების გამოც გამოკითხეს. მაშინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მას და რამდენიმე ასეულობით ადამიანს სუს-თან თავის აფეთქების ფიცი ჰქონდა დადებული, თუმცა გადაიფიქრეს. მოგვიანებით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განმარტა, რომ მან ეს „ემოციურ ფონზე“ თქვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმეზე გამოძიება 12 ივნისს დაიწყო. მაჩალიკაშვილი კი, გამოკითხვაზე ნათქვამიდან მხოლოდ ორთვენახევრის შემდეგ დაიბარეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მორიგ გამოკითხვაზე 29 აგვისტოს არის დაბარებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)