Site icon Civil.ge

IBSU-სთვის სტუდენტების მიღების უფლების ერთი წლით შეზღუდვას უარყოფითი შეფასებები მოჰყვა

ფოტო: ibsu.edu.ge

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების უფლების ერთი წლით შეზღუდვას აბიტურიენტების პროტესტი და უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭა, თუმცა სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეეზღუდა. აღნიშნულის მიზეზად ცენტრმა „გადასახადებისაგან თავის არიდების გამო“ დაკისრებული გადაუხდელი ფინანსური დავალიანება დაასახელა.

იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება ერთი წლის ვადით შეეზღუდა. უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ცენტრის გადაწყვეტილებას უნივერსიტეტში იმავე დღეს უპასუხეს და განმარტეს, რომ „ავტორიზაციის საბჭოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას აფერხებს“.

უნივერსიტეტის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც განათლების დარგში ბრიტანელი ექსპერტი, პროფესორი ენდი გიბსი ხელმძღვანელობდა, მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტი ავტორიზაციის შვიდივე სტანდარტს აკმაყოფილებს. უნივერსიტეტში მიიჩნევენ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო და 800-მდე სტუდენტს შავი ზღვის უნივერსიტეტში „სწავლის არჩევანი“ წაართვა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თამარ სანიკიძის შეფასებით, ავტორიზაციის საბჭომ „აბსოლუტურად კანონზომიერი და ოპტიმალური გადაწყვეტილება“ მიიღო. მისი თქმით, უნივერსიტეტს 715 000 ლარიანი ფინანსური დავალიანება ერიცხება, რის გამოც, მისი მთელი ქონება, მათ შორის, ის ადგილიც, სადაც „საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს“ დაყადაღებულია.

მისივე განმარტებით, უნივერსიტეტს საბჭოსთვის ბიზნესუწყვეტობის გეგმა არ წარუდგენია, რაც ინსტიტუციურ და ფინანსურ მდგრადობასთან პირდაპირ კავშირშია და რისკის ქვეშ აყენებს მთელ საგანმანათლებლო პროცესს, ამიტომ „დღის წესრიგში დადგა ის გადაწყვეტილება, რომელიც დადგა“, – დასძინა თამარ სანიკიძემ.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას „უსამართლოდ“ და „არაკეთილსინდისიერად“ აფასებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი. მისი განმარტებით, 715 000 ლარიან დავალიანებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტსა და შემოსავლების სამსახურს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო უნივერსიტეტს ამ თანხის გადახდის ვალდებულებას დააკისრებს, უნივერსიტეტი დაუყოვნებლივ გადაიხდის. ადვოკატის თქმით, უნივერსიტეტს ამისთვის დეპოზიტზე შესაბამისი თანხაც აქვს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს.

ბარათაშვილის განმარტებით, არც სტუდენტებს და არც უნივერსიტეტის ქონებას საფრთხე არ ემუქრებათ. მისი ვარაუდით, საბჭოს გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ბიზნესინტერესებიც იყო. კერძოდ, მეპატრონეებს უნივერსიტეტის გასხვისების მიზნით, ბრიტანელ ინვესტორებთან მოლაპარაკებები ჰქონდათ, რაშიც ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ. „ისინი კრძალავდნენ მოლაპარაკებებს, მათ სურდათ, რომ სწორედ ქართველ ბიზნესმენებს ჩაეგდოთ ეს უნივერსიტეტი ხელში და მათ, ფაქტობრივად, უფასოდ უნდოდათ ამ უნივერსიტეტის მიღება“, – აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.

მისივე განმარტებით, უნივერსიტეტი საკუთარი პოზიციის დასაცავად ყველა სამართლებრივ ბერკეტს მიმართავს. საჭიროების შემთხვევაში, ის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც არ გამორიცხავს.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასეს განათლების სფეროს ექსპერტებმაც. „საბჭოს გადაწყვეტილება იყო სრულიად უსაფუძვლო და ამასთანავე არასამართლიანი უნივერსიტეტის მიმართ. საბჭოს გადაწყვეტილება არ ეყრდნობოდა ჩვენ მიერ ჩატარებულ მოკვლევას და ჩვენ მიერ ჩამოყალიბებულ დასკვნას“, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთმა ექსპერტმა ნანა დიხამინჯიამ.

გადაწყვეტილებას 23 აგვისტოს არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაურა. „მოვუწოდებთ ავტორიზაციის საბჭოს განუხრელად დაიცვას ადამიანის უფლებათა სტანდარტები და ობიექტურობა IBSU-ს ავტორიზაციის პროცესში. ამასთან, მნიშვნელოვანია, საბჭომ გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას და მიიღოს ყველა ზომა მიმდინარე წელს IBSU-ში სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის დროული უზრუნველყოფისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტებმაც გააპროტესტეს. ისინი ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ. მოგვიანებით, მათ განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეხვდა და სტუდენტებს გამარტივებული მობილობის გზით, სხვადასხვა უნივერსიტეტებში გადანაწილებას დაჰპირდა. ახალი აკადემიური სასწავლო წელი მიმდინარე წლის 17 სექტემბერს დაიწყება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 23 წლიანი საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება აქვს. მოცემული მომენტისთვის უნივერსიტეტში 2 000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი სწავლობს და 400-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)