საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ორდღიან ვიზიტს ოფიციალური პირებისა და პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე: ანგელა მერკელის ვიზიტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის არის არა მხოლოდ გერმანიის პოლიტიკური ლიდერი, არამედ ის არის ევროპული და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი. აქედან გამოდინარე, მის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მან ამ ორი დღის განმავლობაში, გააჟღერა არაერთი ძალიან სერიოზული გზავნილი, რომელიც შეიცავდა საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას – ის მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
გერმანია და კონკრეტულად ქალბატონი მერკელი არის ძალიან მყარი მხარდამჭერი ჩვენი სუვერენიტეტის. იგი მხარს უჭერს ჩვენს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.
დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი: განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი ქალბატონი მერკელის ვიზიტს საოკუპაციო ხაზთან, რაც იყო ასევე სერიოზული დასტური იმისა, რომ გერმანია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. მან, როგორც შეხვედრებზე, ისე სტუდენტებთან გამართული დისკუსიის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, რომ ის ყოველთვის, მუდმივად საუბრობს ამის შესახებ ორმხრივ ფორმატებში რუსეთის ფედერაციასთან, რომ დაუშვებელია ეს უსამართლობა მომავალში გაგრძელდეს და აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია და რომ საქართველო მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას, არც ევროკავშირთან და არც ნატოსთან მიმართებით. საზოგადოება კარგად ხედავს იმ ნაბიჯებს, რა ნაბიჯებსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არჩევნების დროს გამოჩნდება და ორჯერ უკვე საზოგადოებამ ეს არჩევანი გააკეთა.
გიორგი აბაშიშვილი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ქალბატონი მერკელის ვიზიტი იყო განსაკუთრებული. განსაკუთრებული იყო მისი პოლიტიკური დატვირთვა, პოლიტიკური გზავნილები, რომელიც ორი დღის განმავლობაში ჟღერდებოდა, როგორც პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ისე პრემიერთან ბრიფინგზე და ასევე, სტუდენტებთან შეხვედრაზე. ის ფაქტი, რომ ქალბატონი მერკელის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ გერმანია განსაკუთრებულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დეოკუპაციას, საქართველოს ნატოში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა სამუშაო კვოტებთან დაკავშირებით და ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა უჩნდებათ, რომ ლეგალურად იპოვონ სამუშაო ევროკავშირში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა. ასევე, ამ ვიზიტის შემდგომ, სრულად ახალ სტადიაზე გადავა საქართველო-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობა.
გრიგოლ ვაშაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: ვერაფერს ისტორიულს შედეგების თვალსაზრისით, მე ამ ვიზიტში ვერ ვხედავ. კარგია, რომ კიდევე ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შესანიშნავია, რომ კანცლერმა იხილა საოკუპაციო ხაზი. ძალიან კარგი არის, რომ მას მიაწოდეს ინფორმაცია იმ კატასტროფულ მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფება ქართველი მოსახლეობა. ამ მხრივაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური ვიზიტი იყო. ასეთი ვიზიტები რაც შეიძლება ხშირად უნდა განხორციელდეს საქართველოში. რაც შეეხება შედეგებს, სამწუხაროდ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ახალი შედეგი არაფერი არ არის გაზსაცავის მშენებლობის გარდა.
სერგი კაპანაძე – ევროპული საქართველო: ის გზავნილები, რომელიც მისგან მოვისმინეთ, ჩვენთვის ახალი არ არის. ეს გზავნილები გერმანიის მხრიდან უკვე 10 თუ მეტი წლის განმავლობაში ჟღერს. შესაბამისად, მათი პოზიცია ჩვენთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად, ქვეყნის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, მოლოდინი ასეთი ტიპის ვიზიტებისგან არის, რომ ხელისუფლება წინა პლანზე წამოწევს ისეთ საკითხებს, რომელიც არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. მათ შორის, კონკრეტულ დეტალურ მიმართულებებს. სამწუხაროდ, ეს ჩვენ ვერ ვნახეთ, უპირველეს ყოვლისა, პრემიერ-მინისტრის მხრიდან. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გაჟღერდა, მაგრამ, მაგალითად, ნატოზე მან ძალიან ცოტა ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი – პრეზიდენტობის კანდიდატი: გერმანიის კანცლერის მისვლა საოკუპაციო ხაზთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისი თანხმობა იმაზე, რომ გასულიყო ასე და მსოფლიოსთვის, ევროპისთვის ეჩვენებინა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს, რომ თავად იქ გამოჩნდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ეს არის ძალიან დიდი სიმბოლური გზავნილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი ამ მისიის და ეს არის განაცხადი, რომ ჩვენ[გერმანია] ამ მისიის უკან ვდგავართ.
ასევე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის დახმარება, რომელსაც ხელი მოეწერა და რითაც გაზსაცავი აშენდება საქართველოში, რაც არის ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო: მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი, რაც თქვა ქალბატონმა კანცლერმა, მაინც ყურადღების მიღმა დარჩა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და სასიამოვნოა ის, რომ ქალბატონი კანცლერის სიტყვები ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩემი. მან ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებით თქვა ის, რასაც მე ვლაპარაკობ უკვე ძალიან დიდი ხანია. ჩვენ ღია ტექსტით, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა, ნატოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე სახელმწიფომ გვითხრა, რომ საქართველო უახლოეს ხანებში ევროკავშირის წევრიც ვერ გახდება, ხოლო ნატოს წევრი ვერ გახდება მანამ, ვიდრე ეს კონფლიქტები იარსებებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)