1918 წლისათვის, პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, კავკასიაში განსაკუთრებული ყურადღება ბაქოს საკითხს ენიჭებოდა. ძალადობისა და მომავალი დაპირისპირებების საფუძვლებმა ჯერ კიდევ 1918 წლის მარტში იჩინა თავი, თუმცა პრობლემა განსაკუთრებით გამწვავდა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
ბაქო, ნავთობით მდიდარი ქალაქი, სამი მთავარი ეთნიკური ჯგუფის სამშობლო იყო.
შედარებით დაწინაურებული და შეძლებული სომხები და რუსები და ნაკლებ შეძლებული მუსლიმი აზერბაიჯანელები, რომლებიც ნავთობის ინდუსტრიაში მთავარ სამუშაო ძალას წარმოადგენდნენ.
ბაქოზე, აზერბაიჯანელებისა და სომხების გარდა, თვალი ეჭირათ რუს ბოლშევიკებს, ინგლისს, გერმანიასა და ოსმალეთის იმპერიას. 1918 წლის ზაფხულზე ოსმალო ენვერ ფაშამ, რომლის პან-თურქულ იდეოლოგიაში ბაქოს მნიშნელოვანი როლი ეკავა (განსაკუთრებით ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მიზეზებით), ბაქოზე გაილაშქრა.
ბაქოსთვის ბრძოლაში ერთმანეთს ერთი მხრივ, ოსმალები და მუსავატური აზერბაიჯანი, მეორეს მხრივ კი ბოლშევიკები, სომხები და ინგლისელები დაუპირისპირდნენ.
მაშინდელ ბაქოში ცხოვრობდნენ ქართველებიც, რომელთა ნაწილიც ომსა და ძალადობას სამშობლოში გამოექცა. ერთ-ერთი მათგანის – ს.მ.-ის – წერილი მაშინ გაზეთმა “საქართველოს რესპუბლიკამ” გამოაქვეყნა, სადაც იგი ბაქოს ამბებსა და იქაური ქართველების ბედზე ასე მოგვითხრობს:
(“საქართველოს რესპუბლიკა”, 24 აგვისტო, 1918, N24)
ბაქოს ამბები
სამშაბათს, 20 აგვისტოს, ჩამოვედით ბაქოდან ქართველები, 60 კაცამდე.
რადგან ქართველ საზოგადოება ნაკლებად მოსდის ცნობები ბაქოს შესახებ, ვეცდები მკითხველს მოკლედ მაინც აუწერო ბაქოს მდგომარეობა.
მე მხოლოდ იმ ფაქტებს შევეხები, რომლებიც მოწამეც მე ვიყავი, ან სანდო პირებისაგან მაქვს გაგონილი.
დღევანდელი მდგომარეობა
ჩვენი წამოსვლის დროს, ე.ი. აგვისტოს 13-ს (ახ. სტ.) ბაქოს მმართველობა ფლოტის და აღმასრულებელ კომიტეტის ხელში იყო. აღმასრულებელ კომიტეტში შედიოდნენ სამი პარტია: მენშევიკები, მემარჯვენე სოც.-რევოლუციონერები და დაშნაკცაკანები.
ოსმალეთის ჯარმა ალყა შემოარტა ქალაქს. მას დაკავებული ჰქონდა ბაქოს გარშემო სოფლები, რომლების ცენტრად ითვლება სოფ. მაშტაგი.
ბაქოში ამ სოფლებიდან აღარაფერს უშვებენ მოსატანად. ბაქოში დღეს სურსათი მხოლოდ ზღვით შემოაქვთ.
ბაქოს ჯარი გამაგრებულია ქალაქის გარშემო მთებზე. ..[…]..
ბოლშევიკი პეტროვის რაზმი მსწრაფლ-მსროლელი ზარბაზნებით რუსეთში ემზადება წასვლას, რადგან ინგლისელებთან ერთათ არ უნდათ იომონ.
ინგლისელები 1500 კაცამდე უკვე მოსული არიან იარაღით და ბრონევიკებით. 200 კაცამდე ინდოელი მხედარიც ჰყავთ.
ამ მდგომარეობაში დავტოვეთ ბაქო, როცა აგვისტოს 14-ს წამოვედით თბილისისაკენ.
მარტის ამბები
მუშათა და ჯარის-კაცთა საბჭოში სხვა პარტიათა შორის მონაწილეობას იღებდნენ დაშნაკცუტიუნი და მუსავატი, თუმცა ერთმანეთს არ უყურებდნენ სანდო თვალით.
მარტში ლენქორანში მოკლულ იქმნა თათრების დივიზიის ოფიცერი ბაქოს მცხოვრები თაღიევი.
მის დასაფლავებაზე ბაქოში დაესწრნენ მისი ამხანაგები 70 კაცამდე იარაღით. დასაფლავების შემდეგ 18 მარტს მათ უნდოდათ იარაღითვე ლენკორანში დაბრუნება. ბოლშევიკებმა ნება არ მისცეს იარაღის წაღებისა, ამ ნიადაგზე შეტაკება მოხდა და რამდენიმე კაცი დაიჭრა.
ამ საქმეში ჩაერია მუსავატი და მოითხოვა იარაღის დაბრუნება. აღმასრულებელ კომიტეტმა უარი უთხრა და ამ ნიადაგზე მოხდა შეტაკება.
დაშნაკცუტიუნი ბოლშევიკებს მიემხრო. ამგვარად ომობდნენ ერთი ხმრით ბოლშევიკები და დაშნაკცუტიუნი, მეორე მხრით მუსავატი.
…[…].. ქართველები შევიკრიბეთ ბინაგადის წყალ-საყვანის ეზოში, პლ. ლანდიას სახლში და იქ გავატარეთ ერთ კვირამდე.
ბინაგადის მკვიდრი მცხოვრები მაჰმადიანები ერთ-ორ დღეს თვითონ იცავდნენ წესრიგს, მაგრამ შემდეგ მათ შორის აღმოჩნდნენ ბნელი ძალები და მთელი ბინადაგა დაარბიეს.
ამავე დროს ბაქოდან გადმოუციათ ბინაგადაში ვითომც მდიდარი მაჰმადიანი სალიმოვი ურიებს გაუციათ და სომხებს მოუკლავთო. გაჯავრებულმა მაჰმადიანებმა 7 ურია მოკლეს ბინაგადში, ამათ შორის 2 ინჟინერი და 2 ტეხნიკი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სალიმოვი არავის არ გაუცია და დღესაც ცოცხალია….
სამი დღის განმავლობაში 3000 კაცამდე იქნა მოკლული და დაჭრილი, უმეტესობა მათ შორის მაჰმადიანები იყვნენ… ამ ომის შედეგ შესდგა ბოლშევიკების მთავრობა შაუმიანის მეთაურობით.
ბოლშევიკების მთავრობა
ბოლშევიკები დაუყოვნებლივ შეუდგნენ მათი პროგრამის შესრულებას.
მრეწველთ და ვაჭართ დაადვეს გადასახადი 50 მილიონი, გამოაცხადეს ნაციონალიზაცია ბანკებისა, ფლოტისა, ნავთის წარმოებისა, გააუქმეს სასამართლოები, დაკეტეს უფროსი ნოტარიუსის კანცელიარია, სახელმწიფო მოხელეები დაითხოვეს და თავის კაცები ჩააყენეს, და სხვა და სხვა.
აფრთხილებდნენ ბოლშევიკურ მთავრობას, რომ ხალხი მოუმზადებელია და ამ გვარი რეფორმები ბაქოს დაღუპავსო, მარა ყურს არავინ უგდებდა.
ყველგან საქმე აირ-დაირია, შეიქმნა უიარაღო ცარცვა-გლეჯა. … მაგალითად ფინანსთა კომისარი კირეევი დახვრეტილ იქმნა იმისთვის, რომ 100 ათასი მანეთი მოეპარა და გაქცევას აპირებდა. ბევრმა მილიონებიც კი მოიპარა. ბოლშევიკების მიერ შემდგარი წითელი ჯარი ძვირად დაუჯდა როგორც ხაზინას, ისე მცხოვრებლებს, რადგან სუსათი სულ მათ ეძლეოდათ და ხალხს კი პური ენატრებოდა. როცა კი ომის დრო მოვიდა და ოსმალეთის ჯარი ბაქოს მოაწვა, წითელი ჯარის ნაწილი უომრად ბაქოში გაოიქცა.
ამ მიზეზების გამო მუშა ხალხი დიდ უკმაყოფილებას აცხადებდა. ბოლოს ბოლშევიკებმა დაინახეს, რომ აღარ შეეძლოთ მმართველობა განეგრძოთ და გადადგნენ.
ამ დროს მუშები შეერთდნენ ქალაქის დასაცავად, იარაღი აიღეს და ოსმალეთის ჯართან საომრად გამოვიდნენ……. [..]…
როცა ოსმალეთის ჯარი ბაქოს მოუახლოვდა, აღმასრულებელმა კომიტეტმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა წლოვანების მიუხედავად…. შემდეგ გამოაცხადეს, რომ ჯარში იწვევენ 20 წლიდან 42 წლამდე… განცხადების ძალით მობილიზაცია ეხებოდა აგრეთვე იმ ერთ, რომლებიც ომის დროს გამოეყვნენ რუსეთს, მაშასადამე ქართველებსაც….
ქართველების რაზმი
მოქ. არდიშვილმა ქალაქში წესიერების დასაცავად მოინდომა ქართველთ რაზმის შედგენა. ქართულ ეროვნულ საბჭოს დაუკითხავად შეუდგა ის მილიციის დახმარებით ქართველების შეკრებას. ამ რაზმში არაქართველიც ბევრი ჩაეწერა. ..ქართველთ ეროვნულ საბჭომ არდიშვილის ამგვარ საქციელის შესახებ პროტესტი გამოუცხადა…
ბაქოელების აზრი მტრის შესახებ
თუმცა ნ. ჟორდანიამ დიდი ხანია დეპეშით აცნობა ბაქოს, რომ არც ერთი თბილისის რევოლიუციონერ ორგანიზაციას არა აქვს მიზნად ბაქოზე გამოლაშქრებაო, მაგრამ ადგილობრივ გაზეთების წყალობით მუშები და კარის-კაცები მაინც დარწმუნებული იყვნენ, რომ თბილისს უნდა ბაქოს აღებაო.
ბევრი იწერებოდა კერძოდ ქართველებზე. გაზ. „ბაკინსკი რაბოჩ“-ი თითქმის ყოველ ნომერში იმეორებდა, რომ ქართველების და მაჰმადიანების ბურჟუაზიამ გამოგზავნა ჯარი ბაქოს ასაღებად და რევოლიუციის მოსასპობადო. ცუდათ იხსენიებდნენ ჩხენკელს, გეგეჭკორს, წერეთელს. იქამდი მივიდნენ, რომ წერეთელზე დასწერეს: „აი, თავადის შვილობა ბოლოს მაინც აღმოაჩნდაო“.
ამისთანა აგიტაციის შემდეგი ის იყო, რომ ქართველებს ეჭვის თვალით დაუწყეს ცქერა და მოღალატეებათ სთვლიდნენ რუსეთის რევოლიუციის წინაშე.
ბოლო დღეებში გამოირკვა, რომ ბაქოს მოპირდაპირე ოსმალეთის რეგულიარული ჯარი ყოფილა, გაზეთებმა ცოტა კილო გამოიცვალეს და ქართველებზე აღარაფერს სწერდნენ.
მაინც ბაქოელების მიზანია მტერი უკუაგდონ და შემდეგ თბილისზე გამოილაშქრონ.
როცა ინგლისელები შემოვიდნენ ბაქოშ და სასტუმრო „მეტროპოლში“ დბინავდნენ, „მეტროპოლის“ კარებზე ასეთი განცხადება იყო აკრული:
„მოქალაქენო, კმარა სეირი, წადით, იმუშავეთ ფრონტისათვის. ჩვენი დღესასწაული მაშინ იქნება, როცა თბილისში ჩავალთო“.
როგორ წამოველით ჩვენ ბაქოდან
ბევრი ქართველების ოჯახობა საზაფხულოდ ბაქოს ახლო სოფლებში არიან წასული. როცა ოსმალებმა ეს სოფლები დაიკავეს და ბაქოში აქედან აღარავის უშვებდნენ, ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოში წამოსვლა. ოსმალეთის შტაბის ნებართვით 60 კაცამდე ქართველი, ცოლ-შვილით, ზოგი ურმით, ზოგი ფეხით, გამოვემგზავრეთ სადგურ პუტასკენ, სადაც ორი დღის შემდეგ მოველით. აქედან მატარებლით ვიარეთ თბილისამდე 3 დღე.
რა მდგომარეობაში დარჩნენ ქართველები ბაქოში
სამნაირი განსაცდელი მოელის მათ:
- სომხის და რუსის მდაბიო ხალხი გაზეთების წყალობით არამეგობრული თვალთ უყურებს მათ და ამ ნიადაგზე შესაძლებელია ექსცესსები.
- თუ ქალაქში სომეხთ და მაჰმადიანთ შორის ნაციონალური შეტაკება მოხდა ოსმალეთის ჯარების შესვლის დროს, შეიძლება ბევრი ქართველიც შემთხვევის მსხვერპლი გახდეს.
- რადგან სურსათის საქმე თანდათან მწვავდება, ბაქოს ქართველებს ეგრეთივე შიმშილი მოელის, როგორც სხვა მცხოვრებლებს;
- უკანონოთ ჯარში გაწვეულმა ქართველებმა სხვისი სამშობლოსთვის სისხლი დაღვარონ.
ინჟ. ს. მ-ლი.
P.S. ვისაც სურს ბაქოში დარჩენილ ქართველების შესახებ ამბავი მკითხოს, შეუძლიათ მომმართონ ამ ადრესით: ავლაბარი, აფთიაქი, ტელეფ. 5-02.
ს.მ.