ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ლიდერები – ანატოლი ბიბილოვი და რაულ ხაჯიმბა, დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ და ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ბიბილოვს განუცხადა, რომ მოსკოვი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მისი ეკონომიკური მხარდაჭერისთვის ძალისხმევას არ იშურებს“.
„სწორედ საქართველოს მშვიდობისკენ იძულებისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების შემდეგ დაიწყო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ სრულიად ახალ – სტაბილურობის, მშვიდობისა და აყვავების ფორმატში ცხოვრება“, – განაცხადა ბიბილოვმა.
შეხვედრა მოსკოვის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს დაემთხვა.
ოკუპირებული ცხინვალის ლიდერმა პუტინი „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ საქართველოს შეიარაღებული აგრესიის მოგერიებაში შეტანილი წვლილისთვის“ ორდენით დააჯილდოვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერთან შეხვედრაზე, ვლადიმირ პუტინმა ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს „ისტორიული“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთობები მოსკოვსა და სოხუმს შორის ბოლო ათი წლის მანძილზე „გაძლიერდა“.
თავის მხრივ, ხაჯიმბამ, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას „ჩვენი ხალხის საუკუნოვანი ოცნების ახდენა“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ესტუმრა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, „უსამართლობა“ და „ოკუპაციაა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)