Site icon Civil.ge

სენატორი მაკკეინის გარდაცვალების გამო საქართველოში მწუხარებას გამოთქვამენ

Senator John McCain/სენატორი ჯონ მაკკეინი, Photo/ფოტო: facebook.com/johnmccain/

ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო საქართველოს ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები მწუხარებას გამოთქვამენ.

გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი: „ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას. ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე იქცა პატრიოტიზმის, სიმართლისათვის ბრძოლის, ღირებულებებისათვის თავგანწირვისა და შემართების სიმბოლოდ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსათვის. მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე განუზომელია, ფასდაუდებელია მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში.

მისი თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით განხორცილდა არაერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებას. ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მთელ ამერიკელ ხალხს. ჯონ მაკკეინის სახელი სამარადისოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში“.

მამუკა ბახტაძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ჯონ მაკკეინი საქართველოს ძვირფასი მეგობარი და მხურვალე მხარდამჭერი იყო. ის იყო ამერიკელი გმირი, რომლის დანატოვარი მთელ მსოფლიოში ცოცხლობს. ჩვენი ფიქრები და ლოცვა ახლა მის ოჯახთან არის“.

ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამერიკელი სენატორის, საქართველოს გამორჩეული მეგობრის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ჯონ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს“.

დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი: „სენატორი მაკკეინის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას ვუცხადებ მის ოჯახს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ საქართველოს დიდი მეგობარი, მტკიცე მხარდაჭერი, პატარა ქვეყნების ქომაგი და მსოფლიო მასშტაბით თავისუფლების, მშვიდობის, უსაფრთხეობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი დავკარგეთ. მშვიდობით განისვენე, საქართველოს მუდამ ემახსოვრები“.

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი: – „მშვიდობით, ჩემო მეგობარო, მიუხედავად ყველაფრისა, გამარჯვება ჩვენი იქნება“.

გრიგოლ ვაშაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „გარდაიცვალა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯონ მაკკეინი. ეს ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოდა, შემდეგ მრავალი წელი გაატარა ტყვეობაში, [მან] თავისი თვალით ნახა და თავის თავზე გამოსცადა რა საშინებლება არის კომუნიზმი. ამიტომ, იყო, რომ მთელი თავისი სიცოცხლე, ვიეტნამიდან დაბრუნების შემდეგ, მან თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლას მიუძღვნა. რა თქმა უნდა, არცერთ ქართველს არასდროს დაავიწყდება 2008 წელს როგორც თქვა მან – “დღეს ყველა ქართველები ვართ”. დასავლეთის ლიდერების1/3-ს მაინც ასეთი მტკიცე ნებისყოფა, სიმამაცე რომ ჰქონოდა, შემდგომი რუსული აგრესიები უკრაინაში და სირიაში აღარ მოხდებოდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს და ძალიან დიდი ტკივილი არის ყველასთვის შეერთებული შტატების ასეთი პატრიოტის და საქართველოს ასეთი მეგობრის დაკარგვა“.

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „თავისუფლების დიდი ქომაგის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალება დიდი დანაკარგია, როგორც მისი სამშობლოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. მისი პრინციპულობა, შთამაგონებელი სიმტკიცე და ღირებულებებისადმი ერთგულება მისაბაძ მაგალითად იქცა მილიონობით ადამიანისთვის.მისი იმედი ჰქონდათ ყველგან, სადაც თავისუფლებისთვისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის იბრძოდნენ“.

ჯონ მაკკეინი საქართველოს დიდი მეგობარი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, ის ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პოლიტიკოსი გახდა, რომელიც ჩვენი ქვეყნით დაინტერესდა. მან განუზომელი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის განმტკიცებაში და საქართველოს განვითარებაში. რუსული აგრესიის დროს ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და თავის საარჩევნი კამპანიაში დიდი დრო დაუთმო ჩვენს მხარდაჭერას. მაკკეინის ფრაზა – დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ – ტონის მიმცემი გახდა არამარტო ამერიკელი, ასევე ევროპელი პოლიტიკოსების მოქმედებებისთვის.

ჯონ მაკკეინი განეკუთვნება იმ მასშტაბის პოლიტიკოსებს, რომლებსაც დავიწყება არ ეხებათ და ღრმად რჩებიან ისტორიაში. თანაგრძნობას ვუცხადებ ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს„.

დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობის ლიდერი: „მაკკეინმა ხელახლა დაამტკიცა დემოკრატიის მივიწყებული თეორემა – ერთი ბევრზე მეტია“.

ვიეტნამის ომის ვეტერანი და ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან – ჯონ მაკკეინი 2018 წლის 25 აგვისტოს 81 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვა. გასულ წელს, ჯონ მაკკეინს აგრესიული კიბოს ტიპის დიაგნოზი დაუსვეს. ის დაავადებას ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ სენატორმა სამედიცინო ჩარევაზე უარი თქვა და მკურნალობა შეწყვიტა.

სენატორი მაკკეინი საქართველოს ერთგული მეგობარი და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში მისი აქტიური ქომაგი და მტკიცე მხარდამჭერი იყო. სენატორი საქართველოს არაერთხელ სტუმრობდა. მაკკეინი გმობდა რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ აგრესიას და მხარს უჭერდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ მას ეკუთვნის სტიყვები დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ, რომელიც მან 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წარმოთქვა.

სენატორი მაკკეინის აქტიურობით, საქართველო აშშ-ის არაერთ მნიშვნელოვან ოფიციალურ დოკუმენტში მოხვდა. ერთ-ერთი ბოლო ასეთი დოკუმენტი აშშ-ის 2019 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტია, რომლის მიხედვითაც, შტატებმა საქართველოს მხარდასაჭერად 105.3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)