წინასაარჩევნო პერიოდის მთავარ გამოწვევებად ცესკოს მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის, კერძოდ კი, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტება და საჩივრების განხილვა რჩება, ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშში.
დოკუმენტი, რომელშიც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული, არასამთავრობო ორგანიზაციამ 30 აგვისტოს გამოაქვეყნა. „სამართლიანი არჩევნები“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლის საშუალებით აკვირდება. მონიტორინგი მოიცავს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე, ისე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდზე დაკვირვებას.
სამართლიანი არჩევნების შეფასებით, წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ პრობლემურია საჩივრების განხილვისა და საუბნო და საოლქო კომისიების დაკომპლექტების პროცესი. დოკუმენტში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ მიერ 27 აგვისტოს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზეც არის საუბარი და ხაზგასმულია, რომ ჩანაწერი „სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“ და შესაბამის გამოძიებას საჭიროებს.
„სამართლიანი არჩევნებში“ აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესის ხარვეზებზე არაერთი წელია საუბრობს. „აუცილებელია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი იყოს გამჭვირვალე და წევრთა შერჩევის მკაფიო და ნათელ კრიტერიუმებს დაეფუძნოს”, – ნათქვამია დოკუმენტში.
სამართლიანი არჩევნები „თავისუფალი და სამართლებრივი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის“ ხარვეზებზეც მიუთითებს და განმარტავს, რომ „რეკომენდაციების შესრულების არასავალდებულო ხასიათისა და მათი მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის გამო“, ეს ფორმატი „დარღვევების ეფექტურ პრევენციას ვერ უზრუნველყოფს“. „დარღვევების განხილვის ნაცვლად, სხდომების მიმდინარეობისას, კომისიის თავმჯდომარის და საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ხშირია სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები“, – აღნიშნულია ანგარიშში.
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მიმართ უკვე შეინიშნება დეზინფორმაციის კამპანიები, რაც საფრთხეს უქმნის თანასწორ საარჩევნო გარემოსა და პროცესს.
„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და საჯარო მოხელეების მიერ სოციალურ ქსელებში „უკანონო აგიტაციის ფაქტებზე“ სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
არასამათავრობო ორგანიზაცია შესაბამისი რეკომენდაციებით პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართავს და მათ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, არჩევნების „უსაფრთხოდ და ექსცესების გარეშე“ ჩატარების პროცესის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)