საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და კენჭს მეორე ვადით აღარ იყრის. ამის შესახებ მან დღეს, სტუდენტებთან და აკადემიურ წრეებთან საჯარო შეხვედრაზე განაცხადა.
მარგველაშვილმა განმარტა, რომ ის ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის სამსახურში. „ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ… სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილმა არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველო მომავალში“. „საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი და იდგეს სწორედ საქართველოს მოქალაქეების სამსახურში“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა იმ მთავარ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რასაც მომავალი პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს. მისი შეფასებით, საქართველოს ახალი პრეზიდენტი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს და არა რომელიმე „ძალაუფლების მქონე ჯგუფს“ და მისი მიზანი ერის გაერთიანება უნდა იყოს.
„არ უნდა იყოს არცერთი მცდელობა იმისა, რომ ძალიან პატარა ერი დააპირისპირო ერთმანეთთან. ყველა საშუალება უნდა გამოიყენო და ყველა ხერხი უნდა იხმარო იმისთვის, რომ ერი ძირითად ღირებულებებზე გაერთიანდეს, და ამ გაერთიანების პროცესში, შენ არ დაკარგო მთავარი – მრავალფეროვნება და განსაკუთრებულობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს „გამორჩეული“ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა არის დაპირისპირებული ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, რომ შეარყიოს მისი მმართველობა და ამ რთულ მომენტებში, მე მთავარი ბარომეტრი მქონდა ის, თუ როგორ მხვდებოდა ხალხი და ამის განცდა მე მუდმივად მარწმუნებდა იმაში, რომ სწორი გზით მივდივარ თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ“, – დასძინა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტად 2013 წლის ოქტომბერში აირჩიეს. ის არჩევნებში ქართული ოცნების სახელით მონაწილეობდა. გაპრეზიდენტების შემდეგ მალევე, სხვადასხვა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, მარგველაშვილმა ოცნების მხარდაჭერა დაკარგა და მათი მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)