28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც ამომრჩეველი სახელმწიფო მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევს.
ანი ჩხიკვაძემ ამერიკის ხმიდან დონალდ იენსენს, კენეტ იალოვიცს და უილიამ კორტნის მოახლოებულ არჩევნებზე კომენტარის გაკეთება, ასევე წინასაარჩევნო გარემოს და ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე არჩევნების პოტენციური გავლენის შეფასება სთხოვა.
დონალდ იენსენი – ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი
უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც პრეზიდენტს ამომრჩევლები პირდაპირი გზით აირჩევენ. ახალი კონსტიტუცია ახალ მოდელს ითვალისწინებს: პრეზიდენტს არაპირდაპირი არჩევნების გზით 300 ადამიანი ირჩევს. ამრიგად, საზოგადოების ნდობის გაძლიერების თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია. შეიძლება ითქვას, რომ ის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამომრჩევლები ადამიანს, რომელსაც ხალხის მიერ პირდაპირ არჩევის ლეგიტიმურობა ექნება, ბოლოჯერ აირჩევენ. მმართველი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა, საკუთარი კანდიდატის წარდგენის ნაცვლად, არაჯანსაღი სვლაა. მმართველ პარტიას მისი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს და ბევრს არ ესმის, თუ რატომ დგამენ ისინი ამ ნაბიჯს. ამ დროისთვის, ქართული ოცნება ამ საკითხზე გაყოფილია და მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარემ შეიძლება გადაიფიქროს და ქართული ოცნების კანდიდატი წარადგინოს.
ზოგადად, ის განცხადებები, რასაც ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ, ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს არის დიდი ზღვარი მოსახლეობის მოლოდინებსა და პოლიტიკური პარტიის შესაძლებლობას შორის, რომ დააკმაყოფილოს ისინი, როგორც ეს NDI-ის და IRI-ის ბოლო კვლევებმა აჩვენა. ეს ის პრობლემა, რომლის მოგვარებაც ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნები კარგი ტესტია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, საზოგადოების იმედგაცრუების დონე ძალიან მაღალია. ეს დემოკრატიის მომავალს საფრთხეს უქმნის. მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები და ქართული ოცნების თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, კრიზისის მაჩვენებელია.
და ბოლოს, ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია დაიცვას კონსტიტუციური ბალანსი ძალაუფლების შტოებს შორის და რომელიც დემოკრატიის განვითარებას, დასავლურ ღირებულებებს და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი უნდა იყოს და ხალხი ინსტიტუტებს უნდა ენდობოდეს. სუსტი ინსტიტუტები დაუცველობას უწყობს ხელს, რისი გამოყენებაც გარე ძალებს ქვეყნის წინააღმდეგ შეუძლიათ.
კენეტ იალოვიცი – აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში
კონსტიტუცია შეიცვალა. ახალ პრეზიდენტს აღარ ექნება იგივე უფლებამოსილებები, რაც მოქმედ პრეზიდენტს აქვს. მომავალი პრეზიდენტი კვლავ იქნება მთავარსარდალი, მაგრამ ის პარლამენტის ნებართვის გარეშე ომს ვეღარ გამოაცხადებს. თქვენ საპარლამენტო სისტემისკენ მიიწევთ. ამ ტიპის ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და ისრაელი, პრეზიდენტები პარტიული პოლიტიკის მაღლა დგანან და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება. მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშივლი, რომელიც ჩემი მეგობარია, პარტიიდან არის, თუმცა თავისი პრეზიდენტობის ვადის დროს ის პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა იდგა.
უფრო მეტად იმით ვარ დაინტერესებული, რომ იყოს პიროვნება, რომელსაც ბრძენი ადამიანის რეპუტაცია ექნება, რომელიც პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა იდგება, რომელიც საქართველოზე, როგორც ერთ მთლიანზე ისაუბრებს, რომელიც მორალზე, პრინციპებსა და ქართული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილზე ისაუბრებს და არ ჩაეფლობა პარტიულ კონფლიქტში. მართალია, პრეზიდენტს ნაკლები ძალაუფლება აქვს, თუმცა იდეების, პრინციპების გამოხატვისა და წინადადებების შემუშავების კუთხით მისი პოზიცია მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანი თანამდებობაა. პრეზიდენტი შეიძლება ყოველთვის არ ეთანხმებოდეს მთავრობის მეთაურს და იდგეს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა. იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება.
უილიამ კორტნი – ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში და რენდის კორპორაციის უფროსი მკლევარი
ეს არჩევნები უჩვეულოა. საკონსტიტუციო ცვლილებებმა პრეზიდენტის როლი შეამცირა, მიუხედავად ამისა, დღევანდელმა პრეზიდენტმა ბევრი პატივისცემა დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად გადადგა. მდიდარი, ჩრდილოვანი დონორი განაგრძობს არაპროპორციულად დიდი პოლიტიკური გავლენის ქონას. კიდევ ერთი წუხილი ის არის, რომ ნაცვლად იდეებისა და ინტერესებისა, პოლიტიკური პარტიები პიროვნებების გარშემო ერთიანდებიან. შედეგად, პოლიტიკური სპექტრის დანაწევრება ხდება. კონსოლიდაცია ამომრჩევლების არჩევნის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს და პარტიების მოქნილობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას გაზრდიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)