1918 წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ეროვნულ საბჭოში იმართებოდა დებატები ეროვნული საბჭოს ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებაზე. 1918 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე, რამდენიმე კვირიანი განხილვების შემდეგ, საბჭომ მიიღო კანონპროექტი, რომლის ძალითაც ქვეყნის ეროვნულ საბჭოში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები შემდეგი რაოდენობით უნდა შესულიყვნენ: სომხები -10, თათრები (ანუ აზერბაიჯანელები) -4, აფხაზები – 3, რუსები -2, ქართველი ისრაელელები – 2, ებრაელები – 1, გერმანელები -1 და ბერძნები -1. მართალია, საზომად 20000 მოსახლეზე ერთი წარმომადგენელის ყოლის უფლება იქნება მიღებული, ამისდა მიუხედავად, ზოგიერთ ერს, მაგალითად ებრაელებს, ბერძნებს და გერმანელებს, რომელთა რიცხვი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 20000-ზე ნაკლები იყო, თითო-თითო წარმომადგენლის ყოლის უფლება მაინც მიეცათ.
ქვემოთ გთავაზობთ გაზეთ “ერთობის” N180, N193 და N195 ნომრებში დაბეჭდილ ეროვნული საბჭოს სხდომებზე ამ კანონპროექტის განხილვისას წამოჭრილ დებატებს. შემოკლება “ს.ფ.”- აღნიშნავს სოციალისტ-ფედერალისტებს, “ს.დ.” – სოციალ-დემოკრატებს, “ნ.დ.” – ნაციონალ-დემოკრატებს, “ს.რ.” – სოციალისტ-რევოლუციონერებს.
(გაზეთი “ერთობა” N180, 25 აგვისტო, 1918)
23 აგვისტოს სხდომა
თავმჯდომარეობს კარლო ჩხეიძე
დღის წესრიგი ასეთია: … განხილვა კანონპროექტისა ეროვნული საბჭოსი ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით შევსების შესახებ….
ა. ფაღავა (ს.ფ.) ჩვენი ფრაქციას კანონ-პროექტის მიღება იმ სახით, რომლითაც ის წარმოდგენილია, ყოველად შეუძლებლათ მიაჩნია, ჩვენ, რომელნიც ყოველთვის ვიბრძოდით ერთა თავისუფლებისათვის, არ წავალთ ეროვნულ უმცირესობათა მიერ საბჭოში წარმომადგენელთა გამოგზავნის წინააღმდეგ, მაგრამ პირველი მუხლი ამ კანონისა ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ მიღებულ ძირითად კანონს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ. ეროვნულ საბჭოში წარმომადგენელი უნდა ყავდეს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ და არამც და არამც არა იმათ, ვინც ჩვენ გვებრძვიან. არავისთვის დამალული არ არის ის ფაქტი, რომ ჩვენ გვებრძვიან, როგორც ნაძირალები და შავრაზმელები, ისე სოციალისტური პარტიაც. კანონ-პროექტის მეორე მუხლში სწერია, რომ თავისი წარმომადგენელი გამოგზავნონ ეროვნულმა საბჭოებმა, ანუ ადგილობრივმა მოქმედმა პარტიებმა შეთანხმებით შეიმუშავონ კანდიდატთა სიაო. ეს ჩემის აზრით შეუძლებელია. მაგ., აქ არსებობს რუსთა ეროვნული საბჭო, რომელიც ასრულებს ელჩის მოვალეობას, ამიტომ დაუშვებელია რომელიმე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენელი ჩვენი ეროვნული საბჭოს წევრი იყოს. ამიტომ კანონ-პროექტი უნდა შეიცვალოს ასე: იმ ეროვნულ უმცირესობათ შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი წარმომადგენელნი, რომელნიც საქართველოს მოქალაქეთ არიან აღიარებულნი. ამასთან აუცილებლათ დაცული უნდა იქნას ის საზომი, რომლითაც შემდგარია ჩვენი საბჭო. საქართველოს მოქალაქეები შესდგებიან რამდენადაც ვიცით სტატისტიკური ცნობებიდან 2 მილიონი და 400 კაცისგან. ამოდენა მცხოვრებს ყავს 120 დეპუტატი. სწორედ ამის და მიხედვით უნდა იქნან მიღებულნი ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელნი საბჭოში. იღებს რა ყველა ამას მხედველობაში, ჩვენი ფრაქცია მოითხოვს კანონ-პროექტი უკანვე დაუბრუნდეს სამანდატო კომისიას გადასასინჯავათ, გადაეცეს კანონ-პროექტი აგრეთვე საკონსტიტუციო კომისიას; ჩვენი ფრაქცია გამოსთქვამს სურვილს, რომ დრო წარმოდგენისა ამ კანონ პროექტის ეროვნულ საბჭოში განსახილველად განსაზღვრული იქნას, რადგანაც ისედაც დაგვიანებულია ეს კანონი.
ალ. ლომთათიძე. ბ-ბო, უეჭველია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის უფლება აქვს მხოლოდ მოქალაქეებს. არა მოქალაქე არ შეიძლება ეროვნული საბჭოს წევრი იყოს. ეს მთავარი და ერთად ერთი მოსაზრება არის, რომლის ძალით ჩვენ შესაძლოთ მიგვაჩნია ეს კანონპროექტი დაუბრუნდეს მარტო სამანდატო კომისიას, ვინაიდან საკონსტიტუციო კომისიას აქვს დავალებული ძირითადი კონსტიტუციის შემუშავება და საერთოდ სახელმწიფოს აშენების საქმე, ეს კი დროებითია, მეორეთ კი ორივეს რომ გადაეცეს, შეიძლება დაგვიანდეს, ამიტომ, ვიმეორებ, ეს კანონპროექტი უნდა დაბრუნდეს მარტო სამანდატო კომისიას, მასთან ერთად უნდა მიეცეს განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაში შეასწორებს და წარმოგვიდგენს. ჩვენი ფრაქცია წინადადებას იძლევა მიეცეს ერთი კვირის ვადა.
თავმჯდომარე კენჭს უყრის წინადადებებს. საბჭომ მიიღო შემდეგი წინადადებანი: კანონპროექტი დაუბრუნდეს მარტო სამანდატო კომისიას, მიეცეს ერთი კვირის ვადა წარმოსადგენათ.
თავმჯდომარე: ამ საკითხთან დაკავშირებული იყო ს.-დემოკრატიული ფრაქციის მიერ შემოტანილი წინადადება ეროვნული საბჭოს სახელწოდების შეცვლის შესახებ, ამიტომ ეს წინადადებაც მოხსნილია.
—————————————————————————————
(გაზეთი ერთობა, N193, 10 სექტემბერი, 1918)
საქართველოს ეროვნული საბჭო
6 სექტემბრის სხდომა.
(დასასრული)
კანონ-პროექტი ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების შესახებ
მომხსენებელია შ. მიქელაძე (ს.ფ.) იმ დღესვე, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ეროვნულმა საბჭომ თავის აქტის მე7 მუხლში აღნიშნა, რომ ეროვნული საბჭო შევსებულ უნდა იქნას საქართველოს სახელმწიფოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით. სამწუხაროდ ამის ცხოვრებაში გატარება მეტის მეტად დაგვიანდა. მიზეზი დაგვიანებისა იყო მოქალაქეობის კანონის უქონლობა. დღეს ჩვენ ასეთი კანონი გვაქვს და შეგვიძლია ავიყვანოთ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელნი ეროვნულ საბჭოში, კანონ პროექტში ორი უმთავრესი მუხლია: რამდენ მოქალაქეს შეუძლია ერთი წარმომადგენლის გამოგზავნა და რომელ დაწესებულებებიდან შეიძლება მოწვევა. კომისიას არ ქონდა უტყუარი სტატისტიკური ცნობები ახალ საქართველოში მცხოვრებთა შესახებ. იყო ცნობები მხოლოდ ძველ საქართველოში, ე.ი. 1914 წ. ომამდე საქართველოს საზღვრებში მცხოვრებთა შესახებ. ამ ცნობების მიხედვით საქართველოში ცხოვრობენ: სომხები – 200 000 ცოტა მეტი, თათრები 85 000, აფხაზები 60 000, ოსები 45 000, რუსები 100 ათასი. კომისიამ მიიღო რა მხედველობაში, რომ რუსების მრავალი სოფელი აიყარა და რუსეთში წავიდა, ვინც დარჩა, ისინიც ყველა არ სცნობენ ჩვენს დამოუკიდებლობას და რუსეთის მოქალაქეებათ თვლიან თავიანთ თავს, ამიტომ კომისიამ დაადგინა იანგარიშოს რუსები 45- 50 ათასი კაცით, მეტრათ სამანდატო კომისიამ მიიღო 20 ათასი მცხოვრები, არიან ისეთი ერებიც, რომელნიც 20 ათასზე ნაკლები არიან, ამ შემთხვევაში კომისიამ დაადგინა მათაც მიეცეთ ერთი წარმომადგენლის გამოგზავნის უფლება. ასეთები არიან ბერძნები, გერმანელები და ებრაელები. ამ რიგათ კომისიამ დაადგინა ეროვნულ საბჭოში მიეცეთ შემდეგი წარმომადგენლობა: სომხებს 10, თათრებს 4, აფხაზებს 3, რუსებს 2, ქართველ ებრაელებს 2, ებრაელებს 1, გერმანელებს 1, ბერძნებს 1.
ეს წარმომადგენლები მოწვეულ იქნებიან ეროვნულ საბჭოებიდან, თუ რომელიმე ერს საბჭო არ ყავს, მაშინ ისინი გამოგზავნიან წარმომადგენლებს რომელიმე დემოკრატიული ორგანიზაციებში არჩეულების მიხედვით. ეს იქნება მხოლოდ დამფუძნებელ კრების მოწვევამდე, როცა დამფუძნებელი კრება შესდგება, მაშინ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელთა ასეთ წესით მოწვევა საჭირო აღარ იქნება.
რ. გაბაშვილი (ნ.დ.) თავის სიტყვაში მოითხოვს ამ კანონ -პროექტის გადადებას. მას მოჰყავს შემდეგი მოსაზრებანი: სხვა ეროვნებათა 26 წარმომადგენელი არ შეიძლება დაშვებულ იქნას საბჭოში. ამ ერთა შორის არიან ისეთები, რომელნიც საქართველოს დამოუკიდებლობას არ სცნობენ და გვებრძვიან, მაგ. სომხები და რუსები. ჩვენს მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ ზოგიერთი ეროვნული საბჭოები, ამიტომ ასეთ დაწესებულებებიდან შეუძლებელია წარმომადგენელთა მოწვევა. არ უნდა იქნენ საბჭოში დაშვებულნი აგრეთვე იმ ერის წარმომადგენელნი, რომლებიც მიღებულ მეტრზე ნაკლები არიან, მაგ. გერმანელების, ებრაელების და ბერძნებისა. ყველა ამ მოსაზრების გამო ორატორი საჭიროდ სცნობს უცხო ერების წარმომადგენელთა რიცხვის შემცირებას და მათი (ერების) უფლებათა შეკვეცას და მოითხოვს კანონ-პროექტი ხელახლა გადასასინჯათ დაუბრუნდეს სამანდატო კომისიას.
დ. ონიაშვილი (ს.დ.) სოციალ დემოკრატიული ფრაქცია მოუთმენლად ელოდა ამ კანონ-პროექტის გამოქვეყნებას და მიღებას. მოუთმენლათ იმიტომ, რომ ნაციონალურ საკითხის ასე თუ ისე გადაჭრას, მოგვარებას დიდი მნიშვნელობა აქვს სახეწლმწიფოს ცხოვრებაში. ის სახელმწიფოები, რომელნიც ამ საკითხს ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდენ და აწარმოებდენ ნაციონალურ ჩაგვრის პოლიტიკას, გახდენ ნაციონალური პოლიტიკის მსხვერპლათ. მაგალითისთვის შორს არ წავალ. ავიღოთ თუ გინდ რუსეთი. თქვენ ყველას გახსოვთ ძველი რუსეთის ნაციონალური პოლიტიკა და ის ჩაგვრა, რომელსაც განიცდიდენ ეგრეთ წოდებული „ინოროდცები“. სწორედ რუსეთი ამ პოლიტიკის წარმოებამ დაღუპა. ამ საკითხის მოუწესრიგებლობა პარლამენტის ნაყოფიერ მუშაობას ძლიერ უშლის ხელს. ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ბ. გაბაშვილის წინადადებას. ჩვენი ერი არასოდეს არ გამოსულა მჩაგვრელის როლში და არც მომავალში ჩაიდენს ამას. ხოლო ბ. გაბაშვილის გამოსვლის შემდეგ, რომელიც მოითხოვს სხვა ეროვნებათა უფლებების შეკვეცას, ეჭვი მეპარება ამ დებულებაში. მაგრამ საბედნიეროთ ის მიქარვებს ეჭვებს, რომ ბ. გაბაშვილი არ არის ქართველ ხალხის ნების გამომხატველი. ბ. გაბაშვილმა აქ სთქვა, რომ თუმცა პრინციპიალურად მიღებულია ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების ეროვნულ საბჭოში მიღება, მაგრამ პრინციპი არ გვავალებსო მაინც და მაინც ასე მოვიქცეთო. მე არ მესმის ისეთი პრინციპი, რომელიც კაცს ამა თუ იმ მოქმედებას, ნაბიჯის გადადგმას არ ავალდებდეს. გაბაშვილის აზრი კი უპრინციპობას შეიცავს. მეორე მოსაზრება ის იყო, რომ არ შეიძლება ჩვენ დავეყრდნოთ ახალგაზრდა მეცნიერთა გამოკვლევას და რადგანაც არ გვაქვს მეცნიერული გამოკვლევა, საჭიროა კანონ-პროექტის გადადებაო. განა, ბ. რეზო, თქვენ აქ ზიხართ მეცნიერული გამოკვლევით? ეს ეროვნული საბჭო ხომ სურროგატია? და თუ ეს ასეა (რომ ეს ასე არის, ამის უარყოფა თქვენ არ შეგიძლიათ), მაშინ რა უფლების ძალით ლაპარაკობთ, რომ მეცნიერული გამოკვლევა არ გვაქვს და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების საბჭოში მიღება არ შეიძლებაო? მეცნიერული გამოკვლევით რომ შესდგეს პარლამენტი, მაშინ არ ვიცი თქვენი ფრაქცია როგორ შეიცვლება. თუ მოითხოვთ მეცნიერულ გამოკვლევის საფუძველზე პარლამენტის აშენებას, მაშინ ჯერ თქვენ უნდა გახვიდეთ აქედან და შემდეგ სხვებზე ილაპარაკოთ. ბატონმა გაბაშვილმა აქ პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენს ინტერესებს თუ კვეცავდენ, ჩვენც შევკვეცოთ სხვისი უფლებებიო, ეს შეუწყნარებელი და მიუღებელია. ჩვენ დამოუკიდებლობის აკტში ავღნიშნეთ, ჩვენი ეროვნულ უმცირესობებთან დამოკიდებულება, წინააღმდეგ არ შეუძლია მოიქცეს დემოკრატიას. 26 მაისს ყველამ ხელი მოვაწერეთ ამ აქტს და დღემდეც არ მოგვიყვანია სისრულეში. აუცილებლად საჭიროა, რაც შეიძლება დაჩქარებით იქნას ეს კანონი ცხოვრებაში გატარებული. ამ საკითხის გარშემო დიდი განგაშია ატეხილი პრესაში, მე არ ვამბობ, რომ ამ კანონის განხორციელების შემდეგ ყველა საქართველოს დამოუკიდებლობის მტრები, ჩვენ მოყვრებათ გახდებიან, მაგრამ ჩვენ მათ გამოვაცლით ხელიდან ერთ საგანგაშო საგანს ყოველშემთხვევაში ჩვენი შეხედულებით ამ კანონპროექტის გადადება ჩვენი დამოუკიდებლობისათვის მავნებელია და ამიტომ ჩვენი ფრაქცია სავსების წინააღმდეგია ამ კანონპროექტის გადადებისა.
ს. დადიანი (ს.ფ.) ჩვენ ქართველ ხალხს, რომელმაც განვიცადეთ ეროვნული შევიწროება და საშინელი ჩაგვრა, არ შეგვშვენის სხვა ეროვნების ჩაგვრაზე ლაპარაკი. ჩვენი ერის შეურყეველი პრინციპი და რწმენა არის, რომ ყოველი ერი უნდა იყოს თავის ბატონ-პატრონი, თვითონ უნდა განაგებდეს თავის საქმეებს, და თავისუფლათ უნდა ცხოვრობდეს. ამ პრინციპის განხორციელებისაკენ უნდა მივისწრაფვოდეთ ჩვენც ყველანი და მთელი სახელმწიფოც. მართალია, ეროვნულ უმცირესობათა საქართველოს ეროვნულ საბჭოში შემოჭრით არ გადაიჭრება ნაციონალური საკითხი, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა მივისწრაფოდეთ საკაცობრიო იდეალისაკენ – ერთა თანასწორობის თავისუფლებისაკენ. (გაბაშვილი ადგილიდან: ეს პოეზიაა) დიახ ეს ისეთი პოეზიაა, რომლის გაგება ნაციონალ დემოკრატებს არ შეუძლიანთ. როგორ უნდა იქცეოდეს სახელმწიფო? ამის მაგალითს ინგლისი იძლევა. მაშინ როდესაც ინგლისი შეეცდებოდა კანადელების უფლებრივათ შევიწროებას, კანადელები მაშინათვე დამოკიდებულებას სცვლიდნენ და და ინგლისსთან მტრულ განწყობილებას იკავებდნენ, მაგრამ ინგლისმა ამ გარემოებას ალღო აუღო და კანადელთა უფლების შეკვეცას თავი დაანება. დღეს რომ კითხო კანადელს ვისი მოქალაქე ხარო, ის მაშინათვე თამამათ გეტყვის: დიდი ბრიტანეთის ერთგული მოქალაქე ვარო. ჩვენც უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ უცხო ერები ამბობდნენ ჩვენზე, ისე, როგორც კანადელები ბრიტანეთზე. აქ გაბაშვილი ამბობდა, რომ ეროვნულ უმცირესობათ ბევრი მივეცითო, და ეს არ შეიძლებაო. ჩვენ სიხარულით უნდა ავღნიშნოთ, რომ მათ მიეცათ იმდენზე მეტი, რაც ერგებოდათ. ჩვენი ფრაქცია იღებს რა მხედველობაში საერთოდ პრინციპს ეროვნულ უმცირესობათა შესახებ და არსებულ პოლიტიკურ კონიუნკტურას სავსებით მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონ-პროექტს.
რ. გაბაშვილი იცავს თავის წინადადებას.
მ. მაჩაბელი (ნ.დ.) აღნიშნავს, რომ წარსულში ქართველ ხალხს არავინდ დაუჩაგრავს. მას სხვები სჩაგრავდნენო. ის ერები, რომლებსაც დღეს ჩვენ წარმომადგენლების არჩევის უფლებას ვაძლევთ საქართველოში ქართველების დასაჩაგრავათ იყვნენ ჩამოსახლებულნიო. ორატორი უარყოფს აგრეთვე არჩევნების დროს რელიგიურ პრინციპს და მოითხოვს ქართველ და რუს ებრაელებს ერთად მიეცეს წარმომადგენლობაო. ის მოითხოვს კანონპროექტის ხელახლა კომისიისათვის დაბრუნებას გადასაშინჯვათ.
ი. გობეჩია (ს.რ.) სოციალისტ-რევოლიუციონერთა ფრაქციის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ სრულიად უსაფუძვლოთ მიგვაჩნია კამათი იმაზე, სამართლიანია თუ არა უმცირესობათა წარმომადგენლების შემოსვლა ეროვნულ საბჭოში. სახელმწიფოებრივობა მოითხოვს, რომ იმ სურროგატმა, რომელიც არის შექმნილი, რაც შეიძლება კარგათ გამოხატოს ხალხის ინტერესები, ეს კი შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა ეროვნული საბჭო შევსებულ იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით. ჩვენ გვეუბნებიან, რომ რადგანაც საჭირო გამოკვლევები და მასალები არა გვაქვს გადავდოთო, განა გადადებული არ იყო ორი კვირით? რაც ამ ორ კვირაში არ გაკეთდა ნუ თუ ამ ახლო მომავალში მოგვარდება? მე დარწმუნებული ვარ, რომ არა. ამიტომ ჩვენი ფრაქცია სავსებით უჭერს მხარს წარმოდგენილ კანონპროექტს.
მომხსენებელმა შ. მიქელაძემაც დაარღვია თავის უკანასკნელ სიტყვაში ნაც. დემოკრატების ყველა დებულებები.
საბჭო გადადის კანონ-პროექტის მუხლობრივ განხილვაზე. კამათი საღამოს 5 საათამდე გაგრძელდა. საბჭოს დარბაზში ქვორუმი არ აღმოაჩნდა და ამიტომ თავმჯდომარეს ამ კანონ-პროექტისათვის კენჭი არ უყრია. საკითხი საბოლოოდ შემდეგ სხდომაზე გადაწყდება.
აკ. ს -უა
————————————————————————————————–
(გაზეთი “ერთობა”, N195, 12 სექტემბერი, 1918)
10 სექტემბრის სხდომა.
თავმჯდომარეობს კარლო ჩხეიძე
კანონ პროექტი ეროვნულ უმცირესობათა შესახებ.
მსჯელობა და მუხლობრივი განხილვა ამ კანონ პროექტისა წინა სხდომაზე დამთავრდა, ხოლო რადგანაც სხდომის ბოლოს ქვორუმი არ აღმოჩნდა, კენჭი არ უყრიათ.
თავმჯდომარემ კენჭი უყარა ნაც. დემოკრატების წინადადებას, რომ სომხებს 10 წარმომადგენელის მაგივრად მიცემოდათ 6. საბჭომ ეს წინადადება უარყო.
გ. ქიქოძეს (ნ.დ.) წინადადება შეაქვს, რომ ისრაელებს სულ არ მიეცეს წარმომადგენლობის იუფლება.
წინადადება უარყოფილ იქნა.
ს. კედია. (ნ.დ.) მოითხოვს, რომ არც ებრაელებს მიეცეს წარმომადგენლის გამოგზავნის უფლება, რადგანაც ისინი მიღებულ მეტრზე (20 ათას კაცს) ნაკლები არიან.
საბჭომ ეს წინადადებაც უარყო.
რ. გაბაშვილს შემოაქვს წინადადება, რომ ის სომხები და ოსები, რომელნიც ს. დემოკრატიული სიით არიან გასულნი საბჭოში, ჩარიცხულ იქნან იმ მიღებულ 10 (სომხ) და 2 (ოსებ.) რიცხვში.
მომხსენებლის განმარტების შემდეგ ეს წინადადებაც ხმის დიდი უმეტესობით უარყოფილ იქნა. ამრიგათ საბჭომ მიიღო მთელი კანონპროექტი, რომლის ძალით ეროვნული საბჭო შევსებულ იქნება ეროვნულ უმცირესობათა შემდეგი წარმომადგენლობით: სომხ. -10, თათრებს -4, აფხაზებს – 3, რუსებს -2, ქართველ ისრაელებს – 2, ებრაელებს – 1, გერმანელებს -1 და ბერძნებს -1.
ს. კედია. საჭიროა ეხლა ვიქონიოთ მსჯელობა თუ რომელ ენაზე უნდა ილაპარაკონ საბჭოში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებმა, ეს წინასწარ უნდა გადაწყდეს, რადგანაც ამაზეა დამოკიდებული თუ როგორი წარმომადგენელი გამოგზავნოს ეროვნულ უმცირესობამ საბჭოში.
თავმჯდომარე: ეს საკითხი დღიურ წეს-რიგში არ არის შეტანილი. თუ ნებას მომცემთ შემდეგ სხდომაზე შევიტან დღის წეს რიგში და მაშინ ვიქონიოთ ამაზე მსჯელობა, კედია თანახმაა.