Site icon Civil.ge

თბილისი ახალგორში რუსული სკოლის გახსნას აკრიტიკებს

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები და რუსეთის ელჩი მარატ კულახმეტოვი (შუაში) ახალგორში ახალ რუსულენოვან სკოლას ხსნიან, 5 სექტემბერი, 2018. ფოტო: facebook.com/RussianEmbassyOssetia/

თბილისმა ახალგორში რუსულენოვანი სკოლის გახსნა დაგმო და მას რუსული ოკუპაციის გაგრძელება და ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „რუსიფიკაციის პოლიტიკის მორიგი მანიფესტი და ოკუპაციის ნამდვილი სახეა“.

„იკრძალება მშობლიურ ენაზე, ქართულ ენაზე სწავლება ბავშვებისათვის…იქ არ არის ასევე ოსური სკოლა, რაც ძალიან სიმპტომატურია. მე ვფიქრობ, არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ ოსური მოსახლეობისთვისაც ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი იმისა, თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს პოლიტიკა და რომ ის არ ემსახურება არცერთი ჩვენგანის ინტერესს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ციხელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა „მძიმე“ დარღვევაა. „ისეთი პრაქტიკაა დანერგილი ჯერ გალში და ახლა უკვე ახალგორში, როდესაც ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლებასაც არ აძლევენ მშობლიურ ენაზე. ეს არ ჯდება არც საერთაშორისო და არც ადამიანურ ნორმებში“, – დასძინა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ციხელაშვილის მსგავსი კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამგვარი ნაბიჯი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის განხორციელების მცდელობის მაგალითი და ფუნდამენტური ნორმების „უხეში დარღვევაა“.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ ახალი სკოლის შენობა ახალგორში 5 სექტემბერს გახსნა. რეგიონში რუსეთის ელჩმა მარატ კულახმეტოვმა, რომელიც სკოლის გახსნის ცერემონიასაც დაესწრო, განაცხადა, რომ სკოლის მშენებლობა რუსეთის ფედერაციამ სოციალური და ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დააფინანსა.

ამჟამად, ახალგორის მუნიციპალიტეტში ექვსი ქართული სკოლაა, ერთი ქალაქ ახალგორში და ხუთი სოფლებში: იკოთი, ბალაანი, კორინთა, ახმაჯი და ზემო ბოლი.

ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა სოსო ცოტნიაშვილმა განაცხადა, რომ 1-6 კლასებში სწავლების ენა ამ სკოლებში ქართულიდან რუსულ ენაზე 2017 წლიდან გადავიდა.

მანამდე ანალოგიური ქმედება გალის რაიონის სკოლებშიც განხორციელდა, სადაც 1992-1993 წლების ომის შემდეგ დარჩენილი 31 ქართული სკოლა რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა. გალის რაიონში დარჩენილი 11 ქართული სკოლა 2015 წელს გაუქმდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლების ინფორმაციით, ახალგორის მუნიციპალიტეტში, რომლის ტერიტორიაც 2008 წლის ომამდე თითქმის მთლიანად ცენტრალური მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა, 4 209 ადამიანი ცხოვრობს (ომამდელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი). მთლიანი მოსახლეობის 55.5% (2 337 ადამიანი) ეთნიკური ქართველები არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)