Site icon Civil.ge

8 სექტემბერი, 1918 – არსდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

გაზეთ ''შრომას" 1918წ. 7 სექტემბრის ნომრის მთავარი გვერდი

(გაზეთი “სახალხო საქმე”, სექტემბრის 10, 1918, N327)

კვირას, სექტემბრის 8-ს, ნაშუადღევის 1 საათზე ქალაქის საბჭოს დარბაზი მოხდა საქართველოს წითელ ჯვრის საზოგადოების დამფუძნებელი კრება. კრებას დაესწრო დიდ-ძალი საზოგადოება. იყვნენ მთავრობის დაწესებულებათა წარმომადგენელნი. პოლიტიკური და საზოგადო ორგანიზაციათა წარმომადგენელნი და სხვ. სრულ 1 საათზე კრებაზე მივიდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია და სამხედრო მინისტრი გრ. გიორგაძე. კრება გახსნა წითელი ჯვრის საზ. რწმუნებულმა ექ. ზანდუკელმა, რომელმაც სიტყვით მიმართა საზოგადოებას. თავმჯდომარედ ასახელებენ ნ. ჟორდანიას, ხოლო ის საპატიო მიზეზებით უარს ამბობს თავმჯდომარეობაზე. თავმჯდომარედ ერთხმად ირჩევენ სამხედრო მინისტს გრ. გიორგაძეს, მდივნად გ. დიასამიძეს.

ექიმი ზანდუკელი ვრცხელ მოხსენებას კითხულობს ქართულად დასავლეთ-ევროპის, იაპონიის და სხვა სახელმწიფოთა წითელი ჯვრის საზოგადოებათა ორგანიზაციის შესახებ და გზა და გზა აღნიშნავს, თუ რა მიზნები უნდა დაისახოს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ. მოხსენებიდან სჩანს, რომ სრულიად რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების მთელი ქონება, რაც საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების განკარგულებაში რჩება. პირველ რიგში განყოფილებები გაიხსნება ქუთაისსა და სოხუმში. საზოგადოებამ დიდის ინტერესით მოისმინა მოხსენება და მომხსენებელიც მხურვალე ტაშით დააჯილდოვა.

შემდეგ კრებას მოხსენდა მთავრობის მიერ დამტკიცებული წესდება. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მთავარ რწმუნებულს მთავრობა ნიშნავს და მჭიდრო კავშირი მყარდება. მთავრობასა და საზოგადოებას შორის საზოგადოების საქმეებს მართავს კრების მიერ არჩეული გამგეობა ( 9-დან 13 წევრამდე) და სარევიზიო კომისია (3 კაცისაგან). …[…]…

კრებაზე კამათი გამოიწვია სასყიდლიან თანამდებობის ადგილმა. ნ. თავდგირიძე წინააღმდეგი იყო რომ ბუხჰალტერისა და სხვა თანამდებობის პირებს სარგო მიეცესთ. ექიმები ელიაშვილი, მაჩაბელი და ტოროშელიძე ამის წინააღმდეგი არიან და მოითხოვენ, რომ თანამდებობის აღმასრულებელთ სარგო მიეცესთ. ამის შესახებ თავმჯდომარე აქვეყნებს წესდების ერთ მუხლს, სადაც ნათქვამია, რომ გამგეობას უფლება აქვს საჭიროებისდა მიხედვით სარგო დანიშნოს განსაზღვრულ შრომისათვის.

კამათი სწყდება და კრება ირჩევს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრებს.