Site icon Civil.ge

საქსტატი: 2018 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 389 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2016-2018 წლებში (აშშ დოლარი), წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 10 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 9.4%–ით გაიზარდა და 389.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 287 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში, პირველი ორი კვარტლის მაჩვენებელი 676.2 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.8%-ით ნაკლებია (749.4 მლნ აშშ დოლარი).

2018 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ენერგოსექტორმა მიიღო – 108.8 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოდის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერო – 77 მლნ აშშ დოლარი, საფინანსო სექტორი – 64.1 მლნ აშშ დოლარი, უძრავი ქონება – 34.3 მლნ აშშ დოლარი, მშენებლობა – 29.1 მლნ აშშ დოლარი, დამამუშავებელი მრეწველობა – 22.2 მლნ აშშ დოლარი, სამთომოპოვებითი მრეწველობა – 17.6 მლნ აშშ დოლარი, სასტუმროები და რესტორნები – 7.6 მლნ აშშ დოლარი, სოფლის მეურნეობა – 6.9 მლნ აშშ დოლარი.

2018 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესობა – 80.5 მლნ აშშ დოლარი – აზერბაიჯანიდან შემოვიდა. აზერბაიჯანს ჩეხეთში, ნიდერლანდებში და გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული კომპანიები მოსდევს – 77.9 მლნ, 65.3 მლნ და 47.5 მლნ აშშ დოლარით. შემდეგია ამერიკის შეერთებული – 28.4 აშშ დოლარით, რუსეთი – 19.6 მლნ აშშ დოლარით, პანამა – 17.1 მლნ აშშ დოლარით, მალტა – 14 მლნ აშშ დოლარით, გერმანია – 13.2 მლნ აშშ დოლარით.

თურქეთის მაჩვენებელმა, რომელიც გასული წლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი წამყვანი წყარო იყო, 2018 წლის მეორე კვარტალში 10.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2016 წელს 1.6 მილიარდი, ხოლო 2017 წელს 1.9 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)