საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 სექტემბერს თავის ახალ რანგში სომხეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. დღეს ის თავის სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილა, მათ შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ბახტაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და სომხეთის ახალ მთავრობებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები განიხილონ და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
თავის მხრივ, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ თბილისს და ერევანს სურთ, რომ მათი ეკონომიკური გაცვლის ხარისხი მათ პოლიტიკურ თანამშრომლობას შეესაბამებოდეს, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდის გზით.
ერევანში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს და პარლამენტის თავმჯდომარეს არა ბაბლოიანსაც შეხვდა.
ახალ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკვე მესამე ოფიციალური ვიზიტია. 18-20 ივლისს ბახტაძე ბრიუსელს, ხოლო 30 აგვისტოს ბაქოს სტუმრობდა.
ბახტაძის ვიზიტამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, მისი სომეხი კოლეგა 30-31 მაისს თბილისს სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)