Site icon Civil.ge

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები განაახლეს

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საპროტესტო აქციები განაახლეს, 10 სექტემბერი, 2018, ფოტო: კადრი რადიო თავისუფლების ვიდეოდან

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ და გასული წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა 10 სექტემბერს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები განაახლეს.

აქციაზე გამოსვლისას, ზაზა სარალიძემ ყველას, „განურჩევლად რელიგიისა, მრწამსისა, თანამდებობისა“ მხარდაჭერისა და თანადგომისკენ მოუწოდა. ზაზა სარალიძემ ხელისუფლების გადადგომა, ახალი მთავრობის ფორმირება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. „24 საათიან ვადას ვაძლევ ხელისუფლებას, რათა მოშორდეს საქართველოს“, – განაცხადა მან.

„სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ჩვენ სამართალს ვერ მივაღწევთ, იმიტომ, რომ ესენი თავად მფარველობენ ჩვენი შვილის მკვლელებს“, – აღნიშნა სარალიძემ.

შეკრებილებს სიტყვით მალხაზ მაჩალიკაშვილმაც მიმართა და მსგავსი მოთხოვნები გააჟღერა. „სანამ არ წავა ეს ხელისუფლება, ეს დამნაშავეთა ჯგუფი, მე და ზაზა აქედან ფეხის გამდგმელი არსად არა ვართ, აქ უნდა დავუსვათ ყველაფერს წერტილი“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს და ღამე პარლამენტის შენობასთან გაათენეს. მათი თქმით, ისინი პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ ყველა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„მანამ გავაგრძელებთ შიმშილობას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, აქედან გამომდინარე, ან მკვდარს გამიტანენ, ან აუცილებლად მივაღწევთ ჭეშმარიტებას“ – განმარტა ზაზა სარალიძემ. საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, დღეს, შვიდ საათზე განახლდება.

ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის 31 მაისს, საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. სასამართლომ მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. საპროტესო აქციის მონაწილეები მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ. ირაკლი შოთაძემ თანამდებობა იმავე დღეს დატოვა.

მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ, აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა. თითქმის ორკვირიანი პროტესტის შემდეგ, ზაზა სარალიძემ ხელისუფლებას საქმის სათანადო გამოძიებისთვის გარკვეული დრო მისცა და საპროტესტო აქციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ხორავას ქუჩის საქმეზე 6 ივნისს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა. კომისიამ სამთვიანი მუშაობის შემდეგ, ერთსულოვანი დასკვნა ვერ მიიღო და საბოლოო ჯამში, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დოკუმენტი მოამზადა. ერთი მათგანი ევროპულ საქართველოს ეკუთვნის, რომელშიც გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი და სამართალდამცველი ორგანოებისადმი კონკრეტული პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციებს მოიცავს. განსხვავებულია მეორე დასკვნა, რომელიც კომისიაში უმცირესობაში მყოფმა მმართველმა გუნდმა მოამზადა. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საქმის გამოძიების პროცესში დაგვიანებით ან საერთოდ არ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, ამას „საქმის გამოძიების საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“.

თემირლან მაჩალიკაშვილის გასული წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილების დაკავების სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა. ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს და ის მიმდინარე წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)