ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, რომელმაც 11-12 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, 11 სექტემბერს განაცხადა, რომ „თუ რუსეთის ხელისუფლება არ გააცნობიერებს, რომ ჩიხური სიტუაციისკენ მიდიან“, ეს გარშემო „ყველასთვის სახიფათო იქნება“.
„მე ყოველთვის ვამბობ, რომ რუსეთი არ არის ზესახელმწიფო. დღეს რუსეთი სერიოზული პრობლემაა“, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა სესიაზე – „ევროპული უსაფრთხოების მდგომარეობა“. მან იქვე დასძინა, რომ ევროპას დრო, ენერგია და რესურსები იმისათვის სჭირდება, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად გამოსავალი იპოვოს. მაგრამ, მისი თქმით, მთავარი მიდგომაა, რომ „ვიყოთ თანმიმდევრულები, არ დავთმოთ და არაფერი გავაკეთოთ ღირებულებების, პრინციპების და ვალდებულებების ხარჯზე“.
ლინკევიჩიუსმა ასევე განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისში „სკოლაში დაბრუნებამდე“, კარგი იქნება, რომ „ვისაუბროთ არა მხოლოდ [ახალ] პოლიტიკურ სეზონზე, არამედ ასევე იმ გაკვეთილებზე, რომელიც ვერ ვისწავლეთ [გასული წლიდან]“. მან ევრო-ატლანტიკური ერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როგორც „ტესტს, თუ როგორ გვესმის, რომ ძლიერები მაშინ ვართ, როდესაც ერთად ვართ“.
ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, საქართველოს შანსებზე საუბრისას, მინისტრმა ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტიდან ათი წლის თავზე, საქართველო „კარგად მიდის“. იგი მიესალმა საქართველოს, როგორც ერთ სულ მოსახლეზე ნატოს არაწევრ უმსხვილეს კონტრიბუტორ ქვეყანას ავღანეთში და აღნიშნა, რომ „ადამიანები იღუპებიან, საკუთარ თავს მსხვერპლად წირავენ და ეს მხოლოდ განცხადება არ არის. ეს რეალური ბედია“.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში იმ სხვა უცხოელ ოფიციალურ პირებს შორის იმყოფება, რომლებიც მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას „მსოფლიო თავდაყირა 2018“ ესწრებიან. კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრებზე ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე, ასევე ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელეს.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლინკევიჩიუსი მიესალმა საქართველოს, როგორც ლიდერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის რეფორმების შემდგომი განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ლინკევიჩიუსმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარება უზრუნველყოს და რომ „ეს შესაძლებლობა დემოკრატიული პროცესების და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)