Site icon Civil.ge

საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლო, ფოტო: facebook.com/TbilisiCitycourtofficial/

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის, წინასწარი შეცნობით, მომსახურების გაწევისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული ორი პირი – ზურაბ გორნაკაშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

საქალაქო სასამართლოს 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ზურაბ გორნაკაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკევთა მიესაჯა, ხოლო ბადურ ჩოფანაშვილს, აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას თავისუფლების აღკევთა 8 წლის ვადით განესაზღვრა. აქედან, მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ 3 წელს გაატარებს, 5 წელი კი, 6 წლიანი გამოსაცდელი სასჯელით შეეცვლება.

სასამართლოს ინფორმაციით, მსჯავრდებულები ტერორისტული ორგანიზაციის წევრს ახმედ ჩატაევს საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში დაეხმარნენ და მას სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევდნენ. კერძოდ, “ამარაგებდნენ საკვები პროდუქტებით, ეხმარებოდნენ მობილური ტელეფონებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაში”. ახმედ ჩატაევმა გასული წლის ნოემბერში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა, რომელთაგან ერთ-ერთი – რუსლან შავაძე მიმალვაში იმყოფებოდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 10 აგვისტოს დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)