ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა „ხმამაღალი და ღია განცხადება“ უნდა გააკეთოს იმის შესახებ, რომ ის ყველა ადამიანის და ყველა ინტერესჯგუფის პრეზიდენტი იქნება.
ესტონეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ხალხის გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო, რომ გახდე ფუნქციონალური, დემოკრატიული და კანონის უზენაესობის მქონე ქვეყანა – რეგიონის კაშკაშა ვარსკვლავი“, საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს.
კერსტი კალიულაიდი თბილისში იმ სხვა უცხოელ ოფიციალურ პირებს შორის იმყოფებოდა, რომლებიც მეოთხე საერთაშორისო კონფერენციას – „მსოფლიო თავდაყირა 2018“ დაესწრნენ. კონფერენციას 11-12 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტმა საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა უმასპინძლეს.
გუშინ ესტონეთის პრეზიდენტი თავის ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა და ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები განიხილა.
მოგვიანებით, ესტონეთის პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
კერსტი კალიულაიდის თბილისში ვიზიტამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, გიორგი მარგველაშვილი ესტონეთს სტუმრობდა, სადაც ქვეყნის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)