Site icon Civil.ge

ზუგდიდის ყოფილი მერის წინააღმდეგ შესაძლო ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო გამოძიება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის ლაშა გოგიას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლით, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას უწყებაში ადასტურებენ.

მედიაში დღეს აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ბიზნესმენი ზუგდიდის მერს, სავარაუდოდ, კორუფციაში ამხელს.

ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა და ამის შესახებ მან განცხადება საკუთარი facebook-ის გვერდზეც გაავრცელა. მასთან ერთად თანამდებობიდან მისი მოადგილე გია გულორდავაც გადადგა.

ფაქტს 13 სექტემბერს პარტია ქართული ოცნება ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ, ბოლო პერიოდში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის, „არჩეულ პირთა მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით“ გამოძიება დაიწყო, რის საფუძველზეც, ზუგდიდის მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.

„გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნული, რომ „ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ“.

ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის გადადგომა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩნდება გარკვეული კითხვები და ასევე არსებობს აუდიოჩანაწერი მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებით“.

„გამოძიებაც დაწყებულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა, გადაწყვეტილება, რომელიც მერმა და მისმა მოადგილემ მიიღო, არის სწორი“, – განაცხადა კალაძემ.

ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის არჩევნებში ქართული ოცნების სახელით მონაწილეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)