ეუთოს გენერალური მდივანი თომას გრემინგერი, რომელიც 12-13 სექტემბერს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა, გუშინ საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილა.
გრემინგერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეუთოს ერთგულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმართ და სურვილი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ეუთოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების, გაძლიერებისა და გაფართოებისთვის შესაძლებლობები გამოინახოს.
ეუთოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ხელისუფლებას ეუთოში მიმდინარე რეფორმებში, ეუთოს ოპერაციებსა და მის სტრუქტურულ დიალოგში მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
თბილისში თომას გრემინგერი პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს შეხვდა. ის ცხინვალის რეგიონის მახლობლად მდებარე სოფელ ოძისთან საოკუპაციო ზოლსაც ესტუმრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)